მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტული კომპანიებისა და გიდებისთვის განკუთვნილ რეკომენდაციებში ცვლილებებია

5f1ee78da3a48
ვიქტორია მღებრიშვილი
27.07.20 19:27
1619
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID - 19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ტურ-ოპერატორებისა და გიდებისთვის რეკომენდაციები განახლდა. ამის შესახებ ინფორმაცია შრომის ინსპექციის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

შეცვლილი რეკომენდაცების თანახმად, მე-15 დანართს აღარ ერთვის 1 ქვედანართი, სადაც სატრანსპორტო საშუალებაში ტურისტების განთავსების ადგილები და რაოდენობა იყო გაწერილი, რომელიც ხშირ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების ადგილების 50%-ს შეადგენდა.

ამასთან, ცვლილება შეეხო მძღოლის იზოლირების წესსაც და ის სატრანსპორტო საშუალებაში მხოლოდ 20-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის არსებობის შემთხვევაში მოქმედებს.

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა:

• ტურზე წასვლამდე უნდა განხორციელდეს გიდის, მძღოლისა და ტურისტთა თერმოსკრინინგი. მონაცემები ჩაიწეროს შემდგომი მონიტორინგისთვის. თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად;
• ტურისტული ჯგუფი (მათ შორის გიდი და მძღოლი) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. დახურულ სივრცეში ნიღაბი წარმოადგენს აუცილებლობას, ხოლო ხელთათმანი, პირბადე და დამცავი ფარი/სათვალე, გამოიყენოს საჭიროების შესაბამისად;
• სატრანსპორტო საშუალება უზრუნველყოფილი უნდა იყოს სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხით;
• ოფისებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებში განხორციელდეს ხშირად შეხებადი ზედაპირებისა (მათ შორის კლავიატურის, ღილაკების, კარების სახელურების, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების, ტელეფონების და სხვა ხშირად შეხებადი ზედაპირებისა და საგნების) დამუშავება რამდენჯერმე დღეში შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;
• გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური საშუალებების მოსაცილებლად, ავტოსატრანსპორტო საშუალებები უზრუნველყოფილი უნდა იყოს დახურული კონტეინერით;
• ისეთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის კაბინასთან, სადაც მგზავრთა დასაჯდომი ადგილების ოდენობა აღემატება 20-ს, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად, მძღოლის კაბინასთან უნდა მოეწყოს დამცავი გამჭვირვალე ბარიერი;
• ტურისტების ყოველი გადაყვანის შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შიდა და გარე სახელურების დეზინფექცია/სანიტარული დამუშავება;
• ავტოტრანსპორტის დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღებით დამუშავდეს სავარძლების თავის საყრდენი მოწყობილობა და სავარძლების სამკლავური (ხელის დასასვენებელი ადგილი);
• რეგულარულად გაანიავეთ სამგზავრო სალონი ღია ფანჯრებით;
• ტურის მსვლელობისას მძღოლს თან ჰქონდეს ორგანიზატორის მიერ მიწოდებული ინდივიდუალური ტემპერატურის საზომი, თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად და მონაცემები ჩაიწეროს შემდგომი მონიტორინგისთვის;
• ყველა ტიპის ტურის ორგანიზატორი და თვითდასაქმებული გიდი ვალდებულია დაიცვას წინამდებარე რეკომენდაციებით განსაზღვრული მოთხოვნები.

გიდის ვალდებულებები:

• გიდს ტურისტებთან უშუალოდ შეხვედრისას უნდა ეკეთოს ნიღაბი;
• ტურის მსვლელობისას გიდმა სტუმრებთან უნდა დაიცვას დისტანცია;
• ტურის მსვლელობისას გიდს თან უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური თერმომეტრი, ტემპერატურის მონიტორინგისთვის. თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად, ტურის დაწყების წინ;
• დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარება სავალდებულოა;
• თუ ჯგუფის წევრს აღმოაჩნდა ვირუს Covid 19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: ხველა, ყელის სიმშრალე, ტემპერატურა, სახსრების ტკივილი და ა.შ. გიდი ვალდებულია, მოახდინოს სათანადო შეტყობინების გაკეთება 112-ში და იმოქმედოს შესაბამისი პროტოკოლის დაცვით.
ამასთან, თუკი გიდი/ტურის ორგანიზატორი იყენებს აუდიო აპარატურას, გამოყენებული უნდა იქნეს ერთჯერადი ყურსასმენები.

რეკომენდაციები ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით:

• სატრანსპორტო საშუალებებში არ დაუშვათ მომხმარებელი ნიღბის გარეშე;
• უსაფრთხო დისტანციის დასაცავად აკონტროლეთ მომხმარებელთა ნაკადი;
• გამოიყენეთ სავალდებულო პირობითი ნიშნები (იატაკზე შესაბამისი სტიკერების/ნახაზების სახით);
• აკრძალულია მიკროავტობუსებში მგზავრთა ფეხზე დგომა;
• მუდმივად განიავდეს სამგზავრო სალონი ღია ფანჯრებით;
• ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს საერთო გამოყენების სივრცის სველი წესით დალაგება/დეზინფექცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-123/ო ბრძანების ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ‘‘ სათანადო დანართის შესაბამისად;
• ინფექციის რისკის შემცირების მიზნით, უზრუნველყავით მომხმარებელთა ინფორმირებულობა კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ (შესაძლებელია აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამოყენება).

რეკომენდაციებში, ასევე გაწერილია, ჰიგიენის ნორმები, რომელიც კომპანიის წარმომადგენლებმა და ტურისტებმა უნდა დაიცვან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები