რესტორატორი და რესტორან "ჩვენი"-ს დამფუძნებელი გურამ ბაღდოშვილი ამბობს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს გავლენა სარესტორნე ბიზნესზეც აქვს.
როგორც გურამ ბაღდოშვილმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, ავიაფრენების შეჩერების ფონზე, როგორც ზამთრის კურორტებზე, ასევე თბილისში ტურისტული ნაკადების სიმცირე შეინიშნება, რაც კვების ობიექტების დატვირთულობაზეც აისახება.
მისი თქმით, რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე საქართველოში ტურისტული ნაკადების კლება შეინიშნება არამხოლოდ ახლო აღმოსავლეთის და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, არამედ ევროპიდანაც, სადაც მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ფონზე, კითხვები საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც აქვთ.
“სპარსეთის ყურის ქვეყნებში, გაერთიანებულ საამიროებში აეროპორტები, ფრენები შეზღუდულია. ასევე აქ არ არის მხოლოდ არაბულ ქვეყნებზე საუბარი. აქ იბლოკება ავტომატურად ევროპის ქვეყნებიც, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც არ რისკავენ, ეშინიათ. ჩვეულებრივი საპროტესტო აქცია რომ არის ქვეყანაში, მაგისი ეშინიათ და წარმოიდგინეთ ახლა, როდესაც სულ რაღაც 1000 კილომეტრში, ბალისტიკური ბომბები დაფრინავენ, თავისთავად აშინებს ადამიანებს და ამცირებს ტურისტულ ნაკადს ქვეყანაში.
დარწმუნებული ვარ, ზამთრის სათხილამურო კურორტები ჩავარდა ამ ვითარებიდან გამომდინარე. ქალაქშიც ვხედავთ, რომ ბევრად ნაკლები უცხოელი მოძრაობს, თუ არ ჩავთვლით ჩრდილოელი მეზობლების ტურისტებს და მათ, ვინც ექსპატები არიან.
რა თქმა უნდა, ეს [რესტორნების დატვირთულობაზეც] აისახება. მე ხომ არ ვარ გამონაკლისი? ძირითადად ჩემი სამიზნე აშშ-ს, ბელგიის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, იტალიის ტურისტები არიან, მცირე რაოდენობით პორტუგალია, ბრაზილია, ესპანეთი... ეშინია ხალხს ჩამოსვლა, ეშინიათ, რამე არ მოხდეს. იციან, რომ სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა - სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო უშუალოდ დაკავშირებული არის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენთან და ეშინიათ, რომ შეიძლება რაღაც მოხდეს. ამიტომ თბილისის სასტუმროების დატვირთვაც ძალიან დაბალია და მთის კურორტებზე უკვე ზედმეტია ლაპარაკი. დარწმუნებული ვარ, გუდაური, ბაკურიანი და გოდერძიც დაზიანდა ეკონომიკური თვალსაზრისით, მათი შემოსავალი და მომავალი წელი ცოტა უფრო მძიმე იქნება, იმიტომ რომ წელს ის შემოსავალი, რომელიც ფარავს წლიურ ხარჯს, ამ ადამიანებს არ ექნებათ, რაც ძალიან სამწუხაროა”, - განაცხადა გურამ ბაღდოშვილმა.




























