მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტურისტული ნაკადის შენარჩუნებისთვის პოზიტივს უნდა ვასხივებდეთ" - ლაშა ბერეკაშვილი

ლაშა ბერეკაშვილი

Travel To Georgia-ს დირექტორი, ლაშა ბერეკაშვილი BM.GE-სთან ტურიზმის სექტორზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გავლენაზე საუბრობს.

მისი შეფასებით, იმისათვის, რომ საქართველოში ტურისტული ნაკადების შემოდინება შენარჩუნდეს და გაიზარდოს, ქვეყანა მუდმივად პოზიტივს უნდა ასხივებდეს. ამასთან, იმ სიახლეებზე უნდა ხდებოდეს აქცენტირება, რაც ქვეყანაში კეთდება.

„პირველი, თუ ვინმეზე აისახება დაძაბულობა, ეს არის ტურიზმი. ჩვენ თვითშეზღუდვა გვაქვს, როდესაც ქვეყანაში აქცია, დაძაბულობა გვაქვს და ტურებს სოციალურ ქსელებში ვერ ვაზიარებთ, რადგან ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ეს ჩვენი საქმეა. ჩვენ გვესმის ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, თუმცა ისე როგორც ადვოკატი, ან პედაგოგი აკეთებს თავის პროფესიულ საქმიანობას, ასევე არის ტურიზმიც. თუ პროდუქტების გაყიდვაზე არ გავაკეთებთ აქცენტს, გავკოტრდებით. აღსანიშნავია, რომ დაძაბულობის პერიოდში, ადამიანები ზედმეტ ფინანსურ ხარჯებს ერიდებიან.

რაც შეეხება შემომყვან ტურისტებს, ნებისმიერი დაძაბულობის შესახებ ინფორმაცია, საზღვარგარეთ პირველივე "ქარდებსა" თუ გამოცემების გარეკანებზე ხვდება. შედეგად, ადამიანები ხედავენ ამ ინფორმაციას და შეიძლება, ერთ ქუჩაზე შექმნილმა დაძაბულობამ, მათ აფიქრებინოს, რომ მთელ საქართველოში ასეთი მდგომარეობაა. ჩვენ, ქვეყანა ყოველდღიურად პოზიტივს უნდა ვასხივებდეთ, უნდა ვაკეთებდეთ აქცენტს რაიმე ახლის გახსნაზე, ახლის გაკეთებაზე და ა.შ. როდესაც ქვეყნიდან პოზიტიურზე მეტი ნეგატიური ინფორმაცია გადის, რა თქმა უნდა, ეს ქმნის პრობლემას“,- ამბობს ბერეკაშვილი.

მისივე ცნობით, ამ ეტაპზე, გაუქმებული ჯავშნები არ აქვთ, თუმცა პანდემიის შემდეგ გაზრდილი ჯავშნების კვლავ დაღმავალი დინამიკა შეინიშნება. ეს კი, სეზონურობასთან ერთად, შეიძლება დაძაბულობასთანაც იყოს დაკავშირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები