მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმი ეკონომიკაში დიდ დოვლათს ქმნის, თუმცა მდგომარეობა მოუწესრიგებელია – Feel Georgia

64b7b374881d4
ვიქტორია მღებრიშვილი
22.07.23 21:15
745
ტურისტული კომპანია Feel Georgia-ს დამფუძნებლის ლუკა თურქაძის შეფასებით, მისი ბიზნესი იმავე დატვირთვით მუშაობს, როგორც გასულ წელს და ტურისტული ვიზიტების რაოდენობის ზრდა მათზე არ ასახულა. ამის შესახებ დარგის წარმომადგენელმა bm.ge-სთან ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ტურისტებმა ვიზიტების გაუქმება დაიწყეს, რამაც ბევრი ტურისტულის დატვირთვაზე უარყოფითად იმოქმედა.

„ჩვენ, კომპანიაში ასეთი პოლიტიკა გვაქვს, რუსეთის მოქალაქეებს არ ვემსახურებით. ეს ყველაფერი მოქმედებს, მაგრამ მაგალითისთვის გეტყვით, რომ ბალტიის პირეთის ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოში ჩამოსვლაზე უარს ამბობენ, იმის გამო რომ ჩვენ ჩრდილოელი მეზობლის მიმართ ასეთი ლოიალური დამოკიდებულება გვაქვს. ეს ტენდენცია რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ უფრო თვალსაჩინო გახდა. მიუხედავად იმის, რომ მცირე ტურისტული კომპანია გვაქვს, ასეთი მაგალითები ჩვენს გამოცდილებაშიც გვქონია და აღნიშნულ საკითხზე სხვა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებიც საუბრობენ. პარტნიორებიც კი რომლებიც საქართველოში მუშაობას და ამ მიმართულებიდან სტუმრების ჩამოყვანას აპირებდნენ უარს ამბობენ, რადგან მაგალითად ბათუმი რუსებით არის სავსე“, - ამბობს ლუკა თურქაძე.

მისივე შეფასებით, დღეს კომპანიის დატვირთულობა ნორმალურია და დღეში 3-4 ტურს ასრულებენ, თუმცა ეს მაჩვენებელი მიმდინარე წელს შეიძლებოდა გაორმაგებულიც ყოფილიყო. ლუკა თურქაძე არაბული ქვეყნებიდან ტურისტული ვიზიტების შემცირების ტენდენციაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ეს გარემოება ქვეყანაში ტურიზმში არსებული მოუწესრიგებელი მდგომარეობით აიხსნება.

„ჩინეთიდან და კორეიდან ვიზიტორები უფრო მეტად აქტიურობენ, თუმცა საუდის არაბეთი, საამიროებიდან ტურისტული ნაკადები შემცირებულია. ამის მიზეზიც ვფიქრობ, ქვეყანაში ცუდი ტურისტული ინფრასტრუქტურაა. მხოლოდ გზებზე არაა საუბარი... ტუალეტების საკითხი არ არის მოწესრიგებული, ელემენტარულ პირობებს არ ვიცავთ, დაურეგულირებელი მდგომარეობაა და ბაზარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში რამდენიმე წელია, რაც ჩამოსულები არიან, ტურისტებს დაბალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ... შედეგად ვიზიტორები გარკვეულ ჯგუფებში საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო არ არის კომფორტული დასასვენებელი ადგილი. შესაბამისად, მაგალითად არაბული ქვეყნებიდან ვიზიტორების რაოდენობა მცირდება.

ეს არის სექტორი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში დიდ დოვლათს ქმნის, თუმცა მდგომარეობა მოუწესრიგებელია“, - განმარტავს ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები