„მეღვინეობა ხარებას“ გენერალური დირექტორი, გიორგი ეზუგბაია, ტურიზმს ღვინის რეალიზაციის მნიშნელოვან მარეგულირებელ ბერკეტად ასახელებს, რადგან ადგილობრივ ბაზარზე კომპანიის მიერ წარმოებული ღვინის გაყიდვებში 35-40% სწორედ ამ სეგმენტზე მოდის.
,,ღვინის ტურიზმი ჩვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. კავკასიონის კლდის მასივში გამოკვეთილი ღვინის გვირაბი, რომელიც 1969 წელს გაიხსნა, რეგიონისათვის ღვინის ტურიზმის სავიზიტო ბარათად იქცა. ეს გვირაბი ჩვენს კერძო საკუთრებაშია, მის ნაწილს ღვინის შესანახად ვიყენებთ, ნაწილს კი ტურისტული დანიშნულებით, სადაც სტუმრებს ჩვენს მიერ წარმოებული ყველა სახეობის ღვინის დაგემოვნება და ყიდვა შეუძლიათ“ - განუცხადა Bm.ge-ს გიორგი ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, ტურიზმის განვითარების კუთხით, კომპანია გვირაბის ტერიტორიაზე გეგმავს ახალ მასშტაბურ პროექტებს, ასევე სხვადასხვა ტურისტული აქტივობების დამატებას, რაც ქართული ღვინის პოპულარიზაციას და საქართველოს კულტურის უცხოელებისათვის უკეთ გაცნობას შეუწყობს ხელს. სტუმრებს შეუძლიათ მონაწილობა მიიღონ ისეთ აქტივობებში, როგორიცაა რთველი, ყურძნის საწნახელში დაწურვა, ჩურჩხელის ამოვლება და სხვა.
„ტურისტული კომპლექსის გარდა, გვაქვს რვა საფირმო მაღაზია, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, მათ შორის ბათუმში, თერჯოლაში, ფოთში, მცხეთაში, თბილისში. ეს როგორც ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის, ასევე რეალიზაციისთვის ძალიან დიდი სტიმულია. ამ ობიექტებში ტურისტებს შეუძლიათ ჩვენი ღვინის გაცნობა და დეგუსტაცია“ - განაცხადა გიორგი ეზუგბაიამ.

























