წელი უკვე იწურება და ტურიზმის ეროვნული ადმნისტრაციის შეფასებით 2016 საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ტურიზმის სექტორისთვის, რადგან ქვეყანაში ტურისტების უპეცედენტოდ დიდი, რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა და შესაბამისად გაიზარდა შემოსავლები, რასაც ქვეყანა მომსახურების ამ სექტორიდან იღებს. თუკი რიცხვებს გადავხედავთ, მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ 8 თვეში საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ ოთხ მილიონს გადააჭარბა, რაც 8.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ხოლო უცხოური ტურიზმიდან შემოსულმა შემოსავლებმა 354.5 მილიონი დოლარი შეადგინა და წინა წლის მაჩვენებელს 48 მილიონით გადააჭარბა. რაც შეეხება ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ ტურისტულ აქტივობას, ყველაზე მნიშვნელოვანი და ფართომასშტაბიანი - Check In Georgia სახელდება.
რაც შეეხება სამთო-სათხილამურო კურორტებს, ერთი წლის განმავლობაში სულ 9 საბაგირო დამონტაჟდა. დაემატა კურორტები და სასრიალო ტრასები. უფრო დეტალურად კი, 2016 წელს გაიხსნა კურორტი მიტარბი. წყალმომარაგების სისტემის მთლიანი რეაბილიტაცია განხორციელდა გუდაურში და ასევე განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი სათხილამურო ტრასებით შეხვდება დამსვენებლებს თეთნულდიც. ბაკურიანში კი გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს და სამომავლოდ, ველოტრასების მოწყობა არის დაგეგმილი. წლის მთავარ გამოწვევად კი, კვლავ კურორტ გოდერძიზე გზის რეაბილიტაცია და დამატებითი ინვესტიციების განხორციელება რჩება. მთლიანობაში, ზამთრის კურორტებზე სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განსავითარებლად მთავრობა 170 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს, რომელიც რამდენიმე წელზე გადანაწილდება. შესაბამისად მოლოდინი არის, რომ ტურისტების რაოდენობა კურორტებზე 20-დან 30 პროცენტამზე გაიზრდება.
კიდევ ერთი პოზიტიური ტენდენცია, რომელიც მიმდინარე წელს დაფიქსირდა, არის ქართული ბრენდების შემოსვლა/გაფართოება ქართულ ბაზარზე, მათ შორის სახელდება სასტუმრო რუმსის გაფართოება, ახალი სასტუმრო ბრენდის „ავიატორის“ ჩამოყალიბება და რაც მთავარია „საჰაერო ტაქსების“ ამუშავება, რაც სამომავლოდ, დამატებითი ტურისტების მოზიდვის საშუალება გახდება.
მომდევნო წელს ასევე აჭარა ჯგუფის ფარგლებში იგეგმება ახალი აეროპორტის მშენებლობა ყაზბეგში, უშუალოდ დაბა სტეფანწმინდის რეგიონში, თუმცა ამჯერად დავუბრუნდეთ დედაქალაქში სასტუმრო-ბიზნესის განვითარებას, სადაც კიდე ერთი ახალი ქართული ბრენდი - „პლაზა დე ლიბერტეს“ სახელით იწყებს ფუნქციონირებას. მშენებლობა უკვე რამდენიმე კვირაა რაც დაწყებულია და საბოლოოდ ლაქშერი-ბუტიკ სასტუმრო იქნება, ქალაქის მთავარ კომერციულ ქუჩაზე. სასტუმრო 40 ნომრით იქნება დაკომპლექტებული და დამსვენებელს დამატებით რესტორანსა და ლაუნჯ-ბარს შესთავაზებს.
რაც შეეხება კერძო სექტორის წარმომადგენლებს, წლის მთავარ დადებით ტენდენციებად საერთაშორისო ბრენდის სასტუმროების მშენებლობას ასახელებენ, ასევე უნდა აღინიშნოს სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარება და ირანთან და არაბეთის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გამარტივება. დადებითია ის ფაქტიც, რომ ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ღვინოს და საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს. საბოოლოოდ კი ყველა თანხმდება, რომ ვიზიტორების მატებით, საერთაშორისო გამოხმაურებებითა და დიდი რაოდენობით უხცოური ვალუტის შედმოდინებით, წელი ქვეყნისთვის წარმატებული აღმოჩნდა.
თუმცა მიუხედავად დადებითი ტენდენციებისა, ქვეყანაში ტურიზმის სექტორის მიმართულებით რიგი პრობლემები იკვეთება, რომლებიც მომდევნო წელს, როგორც კერძო ასევე საჯარო სექტორის მხრიდან ინტენსიურ მუშაობას საჭიროებს. მათ შორის მთავარი პრობლემა სახელდება კვალიფიციური კადრების, ინფრასტრუქტურისა და მარკეტინგის ნაკლებობა.
მომდევნო წლისთვის კი, კერძო სექტორის წარმომადგენლების მთავარი რეკომენდაციაა, რომ შეიცვალოს ზრდის ტემპი, ანუ ის სამიზნე მაჩვენებელი, რაც აქვს მთავრობას დაწესებული 7 პროცენტიანი, უნდა შეიცვალოს და მინიმუმ 15 პროცენტამდე ავიდეს. ასევე სექტორი საჭიროებს სწრაფ რეფორმებსა და სწრაფ ეკონომიკურ შედეგებს. ასევე მნიშვნელოვანია მეტი საგარეო ცნობადობა და ბაზრის გაფართოება, იმისათვის, რომ მომდევნო წელს თუ არა წლების განმავლობაში მაინც გარკვეული შედეგები მივიღოთ.

























