2016 წელს საქართველოს 6,350,825 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2015 წელთან შედარებით 449,731-ით მეტია. ( ზრდა+7.6%). 2016 წელს 19%-ით გაიზარდა იმ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა, რომლებმაც საქართველოში 24 საათი და მეტი დაჰყვეს 2,714,773 შეადგინა, რაც 432,802-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით.
2016 წელს საქართველოში მოგზაურთა საუკეთესო ტოპ-ხუთეული ასე გამოიყურება: აზერბაიჯანი 1,523,075 (+9.3%), სომხეთი 1,496,246 (+1.9%), თურქეთი 1,254,089 (-9.9%), რუსეთი 1,037,564 (+12.0%) და უკრაინა 172,631 (+21.8%) საერთაშორისო მოგზაური ეწვია. აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა მილიონს.
ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, 2016 წლის სამი კვარტლის ჯამური მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1.7 მილიარდ (1,684,914,617) აშშ დოლარს (ზრდა +11.7), რაც 177 მილიონი აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმიდან შემოსავალი 2016 წლის საბოლოო მონაცემებით 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს.
2016 წლის სამი კვარტლის ჯამური მონაცემებით, წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7.3% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.5%.
2016 წლის თერთმეტი თვის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,479,633 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +10.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

























