საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი აცხადებს, რომ საქართველო ტურიზმიდან შემოსავლების კუთხით 2019 წლის მონაცემებს 50%-მდე უთანაბრდება. გარდა ამისა, ჯანიაშვილის თქმით, ოქტომბრის მონაცემებით, ტურისტული ვიზიტების მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 43%-ია, რაც ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. ჯანიაშილი ტურიზმის მიმართულებით გამოწვევებზეც საუბრობს, რაც პანდემიამ გამოიწვია.
„გამოწვევების კუთხით ვხედავთ, რომ მსოფლიო ბაზარზე ისეთი ტურისტული პროდუქტების წარმოჩენა მოხდა, რომლებიც მეტნაკლებად დამოკიდებულია უსაფრთხოებაზე და ახლა ყველა პოტენციური მომხმარებელი მთავარ სწორებას აკეთებს იმაზე, რომ იმოგზაუროს უსაფრთხო ქვეყანაში და მოიხმაროს უსაფრთხო პროდუქტი. ამ კუთხით გამოკვეთილია ეკომიმართულება, აგრომიმართულება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ამ კუთხით გაუმართლა, აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულების განვითარებისთვის.
განსხვავებული მიდგომები და გამოწვევებია მარკეტინგის მიმართულებითაც. ადრე თუ მთელი მსოფლიო ქვეყნის პოზიციონირებას აკეთებდა, ახლა ყველა თანხმდება, რომ მნიშვნელოვანია სწორება გაკეთდეს ტურისტულ პროდუქტზე, რომელიც უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული, უნდა მიწვდე მიზნობრივ ბაზარს, ადრე შეიძლება სატელევიზიო რეკლამა ეფექტიანი ყოფილიყო და ახლა სოციალურ ქსელში რეკლამაა მნიშვნელოვანი.
ახლა ვსწავლობთ ბაზრებს, რომლების წამოწევაც ჩვენთვის არის პრიორიტეტული. ასევე, თუ ადრე ტურისტები მოგზაურობას მინიმუმ ერთი წლით ადრე გეგმავდნენ, ეს მიდგომა შეცვლილია და დღეს თუ კარგად არიან, ხვალ მიდიან სამოგზაუროდ. ეს შანსი არცერთმა ქვეყანამ არ უნდა გაუშვას, საქართველოც მიყვება ტენდენციას, მარკეტინგულ სტრატეგიებს ძალიან სწრაფად ვგეგმავთ, რომ მივწვდეთ მიზნობრივ ბაზრებს“, - განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

























