ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 20 მილიონ 535 ლარის მომსახურებებს უტენდეროდ შეიძენს. შესაბამისი თხოვნით უწყებამ საქართველოს მთავრობასა და შესყიდვების სააგენტოს მიმართა. საუბარია ისეთი მომსახურებების შეძენაზე, როგორებიცაა სარეკლამო რგოლების განთავსება სხვადასხვა საერთაშორისო არხზე; ასევე გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობასა და შესაბამისი ფართების დაქირავებაზე და ა.შ.
ამ შემთხვევაში იგულისხმება რეკლამის განთავსება ისეთ არხებთან როგორებიცაა - BBC, CNN, Euvronews, 1+1 და ა.შ.
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ტენდერი არ ცხადდება, ტარდება კონკურსები, რომელთა მეშვეობითაც შეირჩევა საუკეთესო წინადადებები. თუმცა, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მხოლოდ ტენდერის მეშვეობით საერთაშორისო არხებსა და პლატფორმებზე გასვლა შეუძლებელია.
ყველაფერთან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელძღვანელი განმარტავს, რომ მათ მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობას საერთაშორისო კომპანიები ვერ იღებენ, თუმცა, რა მიზეზით ხდება ეს - არის შესყიდვების კანონმდებლობის პრობლემა თუ კომპანიები უბრალოდ არ ინტერესდებიან ტენდერში შემოსვლით - ჩოგოვაძეს განმარტებების გაკეთება უჭირს.
"ქართული სატენდერო დოკუმენტაციის შევსება უცხოური კომპანიებისთვის ხშირ შემთხვევაში წარმოუდგენელია, მაგალითად, ის გამოფენები, რომლებისგანაც ჩვენ ფართს ვქირაობთ, უბრალოდ არ მიიღებენ ამ ტენდერში მონაწილეობას, შესაბამისად, რიგ შემთხვევებში, და ეს არის ძირითადად საერთაშორისო შესყიდვების დროს, დგება საჭიროება, რომ თუნდაც, კონკურსის წესით, თუნდაც, ინტერესთა გამოხატვის წესით, მაგრამ მაინც გამარტივებული შესყიდვის გზით ვიაროთ",- აცხადებს ჩოგოვაძე.
სატენდერო შესყიდვებში არსებული პრობლემების შესახებ საუბარია განმარტებით ბარათშიც, რომლითაც ადმინისტრაცია გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს.
"საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების მოთხოვნების გათვალისწინებით, უცხოური კომპანიებისთვის გართულებულია ტენდერში მონაწილეობა, რის გამოც ისინი ხშირ შემთხვევაში არ ინტერესდებიან ტენდერში მონაწილეობით. რიგ შემთხვევებში, მიმწოდებელი კომპანიები ითხოვენ მომსახურების საფასურის წინასწარ ჩარიცხვას, თუმცა მათი მხრიდან საბანკო გარანტიის წარდგენა გრძელვადიან პროცედურასთან არის დაკავშირებული",- ნათქვამია განცხადებაში.

























