ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Check in Georgia 2018-ის პროგრამის ფარგლებში, სარეკლამო ბანერებსა და მონიტორებზე საიმიჯო ვიზუალური მასალის განთავსებაში 500 ათას ლარს ერთ კომპანიას, -შპს "ალმას" გადაუხდის. ტურიზმის ადმინისტრაციამ გამარტივებული შესყიდვის უფლების მისაღებად შესყიდვების სააგენტოს მიმართა. ადმინისტრაცია მოთხოვნას იმით ასაბუთებს, რომ იმ მისამართებზე, სადაც ვიზუალური მასალის განთავსება სურთ, ექსკლუზიურ უფლებებს სწორედ შპს ,,ალმა“ ფლობს.
„აღნიშნული ტერიტორიები გახლავთ ხალხმრავალი. გარდა ამისა, აქ გახლავთ ინტენსიური მოძრაობა. აღნიშნული ბანერის მეშვეობით მოსახლეობა და უცხოელი ტურისტები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებებთან დაკავშირებით.“-ასე ხსნის ტურიზმის ადმინისტრაცია კონკრეტულად ამ მისამართების შერჩევის პრინციპს და დასძენს რომ სხვა ალტერნეტიული კომპანია, რომელიც მსგავს მომსახურებას გასწევს, ქვეყანაში არ არსებობს.
Check in Georgia 2018-ს ფარგლებში სარეკლამო, ვიზუალური მასალა თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში, ასევე თბილისის, ბათუმის, ქუთაისია და ზუგდიდის კონკრეტულ მისამართებზე უნდა განთავსდეს. ყველა მათგანზე რეკლამისა და ბანერების განთავსების ექსკლუზიურ უფლებას სწორედ შპს ,,ალმას“ ფლობს. თუკი ტურიზმის ადმინისტრაციამ გამარტივებული შესყიდვის უფლება მიიღო, მაშინ "ალმას" სარეკლამო სტენდებზე, Check in Georgia-2018-ის საიმიჯო მასალა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვის განმავლობაში განთავსდება.
შპს "ალმას" მფლობელი საჯარო რეესტრის მონაცემებით, მალტაში რეგისტრირებული "გლობალ ინვესტორს ლიმიტედია". კომპანია 2010 წელსაა დაფუძნებული და მაშინ მას "დი ჯი ემ მედია ლ.ტ.დ“ ფლობდა. აღსანიშნავია, რომ შპს ,"ალმას“ დაფუძნებული "ალმა-ტრანსპორტი" თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის 700-მდე მოსაცდელს ფლობს. კომპანიამ 2016 წელს, მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა. მაშინ "ალმა-ტრანსპორტმა" მოსაცდელების მოსაწყობად 5 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების პირობა დადო.

























