"კერძო სექტორის სურვილია, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რუსა მამაცაშვილი გახდეს“ - ეს განცხადება BM.GE-თან შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ია თაბაგარმა გააკეთა.
თაბაგარის განცხადებით, მამაცაშვილს ყველა საჭირო უნარ-ჩვევა და ცოდნა გააჩნია, შესაბამისად აუცილებელია სახელმწიფომ სექტორის პოციზიები გაითვალისწინოს და „გარედან მოყვანილი“ კადრი არ დანიშნოს.
„იყო პერიოდი, როდესაც საქართველოს არ ჰყავდა ბევრი სპეციალისტი, მაგრამ მას შემდეგ ბევრი თაობა გაიზარდა, ბევრი ცოდნა დაგროვდა. არ შეიძლება დღესაც ისევე ხდებოდეს კადრის არჩევა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. კერძო სექტორის სურვილია, რომ ეს თანამდებობა დაიკავოს იმ კადრმა, ვისაც აქვს შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება, იცის ყველა პროექტი, რაც დაწყებულია, რაც თაროზეა შემოდებული, კარგად იცნობს ინდუსტრიას. ასეთი, ჩვენი შეფასებით, არის რუსუდან მამაცაშვილი.
აღარ შეიძლება გარედან მოყვანილი ისეთი კადრების დანიშვნა, რომლებიც სახელმწიფოს ხარჯზე სწავლობენ რაღაცეებს. სახელმწიფოს ხარჯზე სწავლის დრო აღარ არის.
ტურიზმი არის ბიზნესი და სახელმწიფო ისე, რომ არაფერს ეკითხება ინდუსტრიას, იღებს გადაწყვეტილებას, ეს თავისთავად ძალიან ცუდია. უნდა დაინიშნოს ის, ვისაც კერძო სექტორი ენდობა. ტურისტული კომპანიები, ასოციაციები ასეთად მამაცაშვილს მოიაზრებენ“ - აცხადებს თაბაგარი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ჩოგოვაძემ თანამდებობა დატოვა და საქართველოს აეროპორტების გაერთანების ხელმძღვანელად გადაინაცვლა.
რაც შეეხება დასახელებულ კანდიდატების შეფასებას, თაბაგარი აცხადებს, რომ მარიამ ქვრივიაშვილთან შეხება არ აქვს და მისი შეფასება არ შეუძლია. რაც შეეხება ჟან ფრედერიკ პოლსენს, თაბაგარი მიიჩნევს, რომ ევროპასთან დაახლოების კუთხით მისი დანიშვნა პოლიტიკურად სწორი იქნებოდა.
რუსუდან მამაცაშვილი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის თანამდებობაზე 2014 წელს დაინიშნა. ადმინისტრაციაში მუშაობა მან 2009 წელს დაიწყო და იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას.
მამაცაშვილმა 2017-2018 წლებში მოიპოვა „ჩივნინგის“ სტიპენდია (Chevening) ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში (University College London,UCL - შედის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ათეულში), მენეჯმენტისა და ფინანსების სამაგისტრო პროგრამის გასავლელად. ამასთან, 2006-2008 წლებში მიღებული აქვს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხი (MSc in Tourism and Hospitality Management) გეტებორგის უნივერსიტეტში (University of Gothenburg), შვედეთში.
რუსუდან მამაცაშვილი აგრეთვე ეწევა აკადემიურ საქმიანობას და არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2008-2015 წლებში ასწავლიდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

























