მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იმერეთში სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

6426ea6a24e4d
ვიქტორია მღებრიშვილი
31.03.23 18:35
452
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე იმერეთში მოქმედი ტურისტული კომპანიების, სასტუმროების, ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებთან რეგიონში ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევები და იმერეთის ტურისტული შესაძლებლობები განიხილა. აღნიშნულ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტებსა და მიმდინარე აქტივობებს გაეცნენ. კომპანიები და სასტუმროები განსაკუთრებით დაინტერესდნენ თუ რა ნაბიჯები იდგმება საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე იმერეთის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციისა და რეგიონში ტურისტული ნაკადების გაზრდის კუთხით.

რა საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და რა პასუხი მიიღეს - ამ კითხვით BM.GE-მ ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელს ლაშა ბერეკაშვილს მიმართა. ტურიზმის ადგილობრივი წარმომადგენელი ამბობს, ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მან ისაუბრა, ქუთაისის აეროპორტსა ქალაქს შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნა იყო, რომელიც წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

„ქუთაისი თავისსავე აეროპორტს საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ უკავშირდება. ამის გამო ტურისტებს, რომლებიც ქუთაისის აეროპორტში ჩამოდიან, უფრო იაფი უჯდებათ თბილისის ან ბათუმის მიმართულებით წასვლა, ვიდრე ქუთაისში. რადგან ტაქსი ორჯერ ძვირია, ვიდრე ავტობუსი თბილისამდე. ეს სერიოზული დაბრკოლებაა.

დავასახელეთ ქალაქთან არსებული აეროპორტი, რომელსაც ასეთი მგზავრთბრუნვა აქვს და ქალაქთან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ აკავშირებს. წლებია ვითხოვთ ქუთაისი-წყალტუბო- აეროპორტის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნას. ორივე ქალაქი უნდა იყოს მოქცეული ერთ მარშრუტში, რათა კერძო სექტორი განვითარდეს. ტრანსპორტთან დაკავშირებული კიდევ ერთი საკითხი რიონის რკინიგზის სადგურამდე ტრანსპორტის დანიშვნაა, რაზეც გვითხრეს, რომ ავტობუსები უნდა დადიოდნენ, თუმცა რეალურად არ დადიან“, - ამბობს ლაშა  ბერეკაშვილი.

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის მერმა უპასუხა, რომ აეროპორტის მიმართულებით ავტობუსები დაინიშნება, თუმცა როდის ეს არ იციან.

ლაშა ბერეკაშვილი ამბობს, რომ მისი მხრიდან ყურადღება ასევე რეგიონში დაგეგმილი ატრაქციების მოწყობის პროექტებზე გამახვილდა.

„ცუცხვათის მღვიმემდე მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მივიდა გზა, რათა იქ ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარებულიყო, თუმცა რეალურად არაფერი ხდება ადგილზე. ასევე ვისაუბრე შორაპნის პროექტზე, რაზეც გუბერნატორმა მითხრა, რომ ამ საკითხს კიდევ ერთხელ წამოსწევდნენ. ასევე წყალწითელას ხეობაზე ბილიკის მოწყობის საკითხს შევეხე, რაზეც მიპასუხეს, რომ ეს გეგმაში ჰქონდათ. რეალურად, როგორ წარიმართება პროექტები ამას დრო გვიჩვენებს“, - განმარტა ბერეკაშვილმა.

ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შეხვედრა დასრულებამდე დატოვა, რადგან კრიტიკული საკითხებზე საუბრის გამო მის მიმართ დანიშნულების მართვის ორგანიზაციის მხრიდან ირონიული შეფასებები ისმოდა.

ქუთაისში გამართულ შეხვედრას იმერეთის მხარის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი და თამარ ყორიაული ესწრებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები