ტურიზმის ადმინისტრაცია 439 200 ლარს გადაიხდის ორ გამოფენაში მონაწილეობისთვის საჭირო სხვადასხვა მომსახურებაში. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან უწყებამ გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა უკვე მიიღო.
სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით სავარაუდო ხარჯები ასე გადანაწილდება:
- WTM London (საგამოფენო სტენდის დიზაინის შექმნის მომსახურება; სტენდის აღჭურვილობის დაქირავება; საგამოფენო სტენდის აგების მომსახურება) – 82 000 ევრო;
- IBTM World (საგამოფენო სტენდის დიზაინის შექმნის მომსახურება სტენდის აღჭურვილობის დაქირავება საგამოფენო სტენდის აგების მომსახურება) - 41 000 ევრო;
- ფოტო ბანკის პლატფორმის მომსახურება - 18 000 დოლარი;
"ადმინისტრაციის ბალანსზე არსებული ფოტო ბანკის გარდა, ამჟამად მიმდინარეობს ფოტო ბაზის განახლების პროექტი, რომლის ფარგლებში ადმინისტრაცია თანამშრომლობს კრეატიულ სააგენტოსთან. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში შეგროვდა ახალი მასალა, რისთვისაც ადმინისტრაციას ესაჭიროება პლატფორმა, სადაც მოხდება როგორც არსებული, ისე ახალი მასალის ხარისხიანი და სტრუქტურირებული განთავსება.
აღნიშნული საჭიროებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციას ესაჭიროება საერთაშორისო ფოტო ბანკის პლატფორმა, რომელიც გამოირჩევა გამართული საძიებო სისტემით და შიდა სტრუქტურით, რომელიც სრულად შეესაბამება ამ ეტაპზე ადმინისტრაციის მოთხოვნებს. მიზანშეწონილია თანამშრომლობა საერთაშორისო ფოტო ბანკის პლატფორმასთან", - წერს ტურიზმის ადმინისტრაცია.
უწყების თანახმად, ეს გამოფენები მნიშვნელოვანია და ყოველ წელს იღებენ მონაწილეობას, რადგან ტურიზმის ადმინისტრაციისთვის ეს ქვეყნები სამიზნე ბაზრებია. WTM London 2025 4-6 ნოემბერს, ხოლო IBTM World 18-20 ნოემბერს ბარსელონაში გაიმართება.




























