ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო მედია ჰოლდინგთან Conde Nast ერთად ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო. კამპანიის ფარგლებში Vogue და GQ საქართველოს შესახებ ონლაინ პლატფორმებზე სტატიებს ამზადებენ.
Les Publications CONDÉ NAST-თან ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 23 აპრილს გააფორმა ხელშეკრულება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მარკეტინგულ კამპანიებში ტურიზმის ადმინისტრაცია ჯამში 44 840 ევროს (დღგ ჩათვლით) დახარჯავს. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება მხოლოდ ფრანგულ ენაზეა ხელმისაწვდომი, თუმცა როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სხვადასხვა სახის კამპანია იგეგმება. ფრანგულ კომპანიასთან ადმინისტრაციამ ხელშეკრულება 2025 დეკემბრამდე გააფორმა.
კამპანიის ფარგლებში, პირველი სტატია ფრანგული Vogue-ის ონლაინ გვერდსა და სოციალურ ქსელში უკვე გამოქვეყნდა. „საუკეთესო გზამკვლევი საქართველოს და ამ ქვეყნის საგანძურის აღმოსაჩენად ერთ კვირაში“ სტატიაში საქართველოს ბუნება, კულინარია, ღვინო და ტურისტული ადგილებია აღწერილი. Conde Nast-ი 1909 წელს დაფუძნებული საერთაშორისო მედია კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი ნიუ იორკში მდებარეობს. კომპანია ფლობს ისეთ ცნობილ გამოცემებს როგორებიცაა Vogue-ი; The New Yorker; Vanity Fair და GQ.




























