ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ Expedia Group-ის შვილობილ კომპანიას Travelscape-ს 295 ათასი ევროს ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა.
შესყიდვების სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომპანიამ საქართველოზე მარკეტინგული კამპანიის ჩატარება უნდა უზრუნველყოს. ხელშეკრულება სხვადასხვა სახის აქტივობას ითვალისწინებს, მათ შორის ვიდეო/ფოტო მასალის გამოქვეყნება სხვადასხვა სოციალურ ქსელში, მედიაში ბანერების განთავსება და სხვა. კომპანია სარეკლამო კამპანიას სამ ქვეყანაში აწარმოებს: დიდ ბრიტანეთი, აშშ-ში და გერმანიაში. ხელშეკრულება 4 ივნისს გაფორმდა და მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე იქნება ძალაში.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ადმინისტრაციამ British airways-თან და შვეიცარიულ Edelweiss -თან რამდენიმე ასეული ათასი ლარის ხელშეკრულება წელს უკვე გაფორმდა. Lufthansa-ს ჯგუფში შემავალ Edelweiss-თან ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც 118 ათასი ევრო უნდა დაიხარჯოს, საიდანაც უშუალოდ ტურიზმის ადმინისტრაციის ხარჯი 100 ათასი ევროა. ეს თანხა შვეიცარიიდან ტურისტული ნაკადებისა და ევროპულ ბაზარზე ცნობადობის ზრდას უნდა მოხმარდეს. საქართველოს პოპულარიზებაში ტურიზმის ადმინისტრაცია 88.5 ათასი ფუნტს უხდის British Airways-ც, რომელიც თბილისის აეროპორტიდან კვირაში ოთხი სიხშირით დაფრინავს. ორივე ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარს წელს დაემატა.