ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოგზაურობისა და ავიაბილეთების საერთაშორისო საძიებო პლატფორმა Skyscanner-თან 236 ათასი ევროს ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.
ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ საქართველოს პოპულარიზაციისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვისკენ მიმართული მარკეტინგული სარეკლამო კამპანიის ორგანიზება უნდა უზრუნველყოს. კამპანია Skyscanner-ის პლატფორმებსა და ციფრულ არხებზე მიზნობრივ სარეკლამო განთავსებებს მოიცავს. შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, კამპანია ორიენტირებული იქნება გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და საფრანგეთის ბაზრებზე.
Skyscanner არის გლობალური საძიებო სისტემა, რომელიც მოგზაურებს ეხმარება ავიაბილეთების, სასტუმროებისა და ავტომობილების დაქირავების შეთავაზებების პოვნაში. კამპანიის ორგანიზება კომპანია 2027 წლის 31 იანვრამდე უნდა უზრუნველყოს.
























