ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი, მგრძნობიარე ბაზრები საქართველოსთვის და სამუშაო ძალის დეფიციტი - ეს არის ის სამი მთავარი გამოწვევა ტურიზმის სექტორისთვის, რომლებსაც თიბისი კაპიტალი გამოყოფს. “ტურიზმი აღდგენის გზაზე”- ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელიც საინვესტიციო ბანკმა მოამზადა და რომელიც covid-19-ის შედეგად სექტორისთვის მიყენებულ ზარალს სწავლობს და პროგნოზებსაც აკეთებს.
თიბისი კაპიტალი მიუთითებს, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ვაქცინაციის ჯერ კიდევ დაბალი მაჩვენებელია, რაც ზოგიერთი ტურისტისთვის ქვეყანაში ვიზიტის დამაბრკოლებელი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს.
“საქართველოს სხვა ქვეყნებთან შედარებით ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი და ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვს; ეს საკმაო საფრთხეს წარმოადგენს იმ მოგზაურებისთვის, რომლებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კოვიდ უსაფრთხოებას. მწვანე პასპორტები ტურისტებისთვის შედარებით უსაფრთხო ზონების შექმნას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, ინდუსტრიის წარმომადგენლების ცალკეული მცდელობები, შეინარჩუნონ კოვიდუსაფრთხო გარემო შეამცირებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს”, - აღნიშნულია კვლევაში.
აქვე ხაზგასმულია, რომ საქართველომ ცოტა ხნის წინ შემოიღო "მწვანე პასპორტები“ - გარკვეულ ღონისძიებებზე, სასტუმროებში და რესტორნებში შესვლა მხოლოდ ამ პასპორტის მფლობელებისთვისაა შესაძლებელი.
“ეს წესი კოვიდუსაფრთხო გარემოს შექმნისთვისაა, რაც აუცილებელია ტურიზმის აღდგენისათვის, თუმცა მოკლე ვადაში, ამან შესაძლოა, შეამციროს კლიენტების რაოდენობა იმ ადგილებში, რომლებიც ადგილობრივ მომხმარებლებზეა დამოკიდებული, ვინაიდან ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი კვლავ დაბალია”, - ნათქვამია დოკუმენტში.
რაც შეეხება მგრძნობიარე ბაზრებს საქართველოსთვის, თიბისი კაპიტალი მიუთითებს, რომ საერთაშორისო ვიზიტორების მთავარი ბაზრები საკმაოდ დაუცველი აღმოჩნდა პანდემიისგან გამოწვეული კრიზისისადმი, რაც ისახება და მომავალშიც აისახება აღდგენის ტემპზე.
“მნიშნელოვანია, რომ დაიწყოს უფრო სტაბილურ ბაზრებში ინვესტირება და იმ განვითარებადი ბაზრების ხელშეწყობა, რომლებმაც პანდემიის დროს გამძლეობა გამოიჩინეს”, - აღნიშნულია დოკუმენტში.
თიბისი კაპიტალი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავარი ბაზრები არის ევროპა და შუა აღმოსავლეთი. საინვესტიციო ბანკი 2022 წელს რუსეთიდან და სომხეთიდან საერთაშორისო ვიზიტების ნელ აღდგენას ელოდება, თუ ახალი შტამები რადიკალურად არ შეცვლის სურათს.
“თურქეთში მიმდინარე ეკონომიკურმა წნეხმა შესაძლოა, ამ ქვეყნიდან ვიზიტების აღდგენაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს. უკრაინიდან, ისრაელიდან და საუდის არაბეთიდან კი ძლიერი მოთხოვნა ფიქსირდება. აზერბაიჯანიდან აღდგენა შეინარჩუნებს ნელ ტემპს და უფრო სწრაფ ტემპზე გადავა 2022 წლის მეორე ნახევრიდან”, - ნათქვამია კვლევაში და აქვე აღნიშნულია, რომ ადგილობრივ ტურიზმს კვლავ ექნება მნიშვნელოვანი როლი სექტორის აღდგენაში.
რაც შეეხება კიდევ ერთ გამოწვევას, ესაა სამუშაო ძალის დეფიციტი:
“პანდემიის შედეგად სამუშაო ძალა ტურიზმის ინდუსტრიიდან სხვა ინდუსტრიებში გადანაწილდა. ინდუსტრიის აღდგენის დაწყებიდან სამუშაო ძალის დეფიციტი გამოწვევაა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის მოთამაშეებისთვის. თუ ეს დეფიციტი გაგრძელდა, რთული იქნება აღდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილება ხარისხისა დათმობისა და დამატებითი ხარჯების გაწევის გარეშე. სანამ ტურისტულ სერვისებზე მოთხოვნა გარკევულ სტაბილურ დონეს მიაღწევს, გართულდება კადრების ნდობის მოპოვება და მათი ინდუსტრიაში დაბრუნება. სტუმარმასპინძლობის, განათლების და კერძო სექტორებმა ერთობლივად უნდა იმუშაონ ინდუსტრიაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის განვითარებისათვის”, - ნათქვამია კვლევაში.




























