მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტურიზმის განვითარების სკოლა მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებთათვის უფასო იქნება

58834312eec09
BM.GE
21.01.17 16:05
1658
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს მიმდინარე წლის 11 იანვრიდან ახალი ხელმძღვანელი ჰყავს,  სამომავლო გეგმებით ’’საქმიან დილასთან“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ახალი თავმჯდომარე სულხან ღლონტი საუბრობს.

- ბატონო სულხან, ახალ თანამდებობაზე თქვენს პირველ 2 კვირიან პერიოდს როგორ შეაფასებდით? 

- საკადრო ცვლილებები პრაქტიკულად არ განგვიხორციელებია. ვაპირებთ, რომ უფრო ეფექტური და მოქნილი გავხადოთ მენეჯმენტი. ჩვენი დეპარტამენტი აჭარის დეპარტამენტებს შორის ერთ-ერთი დატვირთული დეპარტამენტია, არც ისე დიდი სტაფით და ამ მხრივ, ბუნებრივია, ცვლილებები იგეგმება. სანამ კონკრეტულ ბიუროკრატიაზე ვისაუბრებთ, იმ კონკრეტული გეგმების შესახებ გეტყვით, რაც დავიწყეთ. ეს არის ტურიზმის განვითარების სკოლა, მისი პრეზენტაცია ახლახანს გვქონდა. ახალი პროექტი განსაკუთრებით მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარებისა და სერვისების გაუმჯობესების კუთხით იწყებს მუშაობას. ტურიზმის დეპარტამენტს მუშაობა დღეს არ დაუწყია, მან რამდენიმე თავმჯდომარე გამოიცვალა და აღვნიშნავ, რომ ძალიან აქტიური და კომპეტენტურია სტაფი, რომელიც ადგილზე მუშაობს. 2015-2018 წლების სტრატეგიული გეგმა ხაზგასმით აღნიშნავს ტურიზმში არსებულ პრობლემებს და იმას, თუ როგორ შეიძლება მათი მოგვარება დავიწყოთ. ვიცი, ძალიან რთული ამოცანაა, მაგრამ შევეცდები, რომ აჭარის რეგიონი მთელი წლის განმავლობაში, ოთხივე სეზონზე ვიზიტორებისთვის მიმზიდველ ადგილად გავხადოთ.

- ალბათ იცით, რომ ეს ძალიან სწრაფად ვერ გადაწყდება და საკმაოდ დიდი ფინანსური მხარდაჭერაც დაგჭირდებათ...

- აბსოლუტურად გეთანხმებით. აჭარის ბიუჯეტის მხოლოდ 2.5% იხარჯება ტურიზმზე. ეს მცირე თანხები არ არის, მაგრამ ეს თანხა იმის ადეკვატური არაა, რა კონტრიბუციასაც ბიუჯეტი ტურიზმიდან იღებს და ბუნებრივია, ამაზეც იქნება მომავალში საუბარი. ბათუმი რომ ოთხივე სეზონზე მიმზიდველი გახდეს, ტურისტული ინტერესები სხვადასხვა რაიონების მიმართულებით უნდა გაიშალოს და ამის ფანტასტიური შესაძლებლობა არის, მაგალითად, გოდერძის მიმართულება. ზოგადად მაღალმთიანი ლანდშაფტი აჭარაში საოცარია და ჩვენ შევცდებით, რომ ტურისტებს ამის შესახებ მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია, დავაინტერესოთ და ახალი ტურისტული მარშუტების მარკირება მოვახდინოთ. თუმცა, ეს ყველაფერი რომ განხორციელდეს, საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა გვჭირდება. ამ კუთხით ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ინფორმაციის სიმცირე, იმასთან დაკავშირებით, თუ რა სჭირდება ტურიზმს, ვიზიტორს, როგორი უნდა იყოს დამხვედრი მასთან მიმართებაში და ა.შ. ამიტომ რესურსების მობილიზება ბიუჯეტიდან განათლების მიმართულებით მოხდება. ახალი პროექტი დავიწყეთ, ტურიზმის განვითარების სკოლა დავაარსეთ, რომელიც ძირითადად მაღალმთიან აჭარაზე იქნება ორიენტირებული.

- იარსებებს თუ არა რაიმე გეგმა, რომელიც აჭარის ოთხივე სეზონისთვის მზაობას უზრუნველყოფს და როდის უნდა ველოდოთ მას?

- ასეთი რამ მე დეპარტამენტში არ დამხვედრია. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და მე აბსოლუტურად ზომიერი ამბიცია მაქვს, რომ ამ პროექტის განხორციელება დავიწყო, მაგრამ ბუნებრივია, მე არ ვიქნები ტურიზმის დეპარტამენტის უკანასკნელი თავმჯდომარე და როდესაც მას ოთხივე სეზონზე ექნება გენერალური მიმართულება, ჩემს შემდეგ ვინც მოვა, მას უკვე კონკრეტული დოკუმენტი დახვდება, ნაბიჯები გადადგმული იქნება, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. ბუნებრივია, მხოლოდ ფურცლებთან მუშაობას არ ვაპირებ, მაგრამ ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზამკვლევია აღნიშნულ ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებაზე. ჩვენ რამდენიმე კომპლექსურ საკითხად გავშალეთ ეს ყველაფერი და ჩვენი სურვილია, პირველ რიგში ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგოთ, რაც უკვე მონიშნულია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა და მთავრობის თავმჯდომარე ყოველდღიურ რეჟიმშია ჩვენ დეპარტამენტთან კომუნიკაციაში და ურთიერთობა გვაქვს ამ საკითხებზე.

თავმჯდომარე მაქსიმალურად მოტივირებულია, რომ ინფრასტრუქტურის პრობლემა გადავჭრათ და ბიუროკრატია მინიმალურად შევახოთ ამ ყველაფერს. გუშინ ჩვენ ეკონომიკის სამინისტროში 11 ლოკაცია შევარჩიეთ, სადაც ვთვლით, რომ სამუშაოები სასწრაფოდ დასაწყებია და ჩვენ შევეცდებით, რომ ეს ინფრასტრუქტურები, რომელიც მცირე არ არის, მოვაწყოთ და უკვე ივნისისთვის ტურისტებს ამ პრაქტიკულად სიკეთეებით სარგებლობა შეეძლოთ, რასაც დღემდე ვერ ახერხებდნენ.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ტურიზმის განვითარების სკოლა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეს აბსოლუტურად უფასო შესაძლებლობაა, მას ტურიზმის დეპარტამენტი დაფინანსებს, რაც კონკრეტული მოდულების შექმნას გულისხმობს-  თუ რა პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება სჭირდება მთაში მოსახლეობას ტურისტების მოსაზიდად. ამ ყველაფერს ჩვენ სხვადასხვა ექსპერტებთან ერთად განვახორციელებთ. ერთი ძირითადი მოდული იქნება, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს და ამის შემდეგ იქნება სეგმენტური, რადგან სხვადასხვა ხეობაში განსხვავებული საჭიროებებია. ევროპაშიც მიღებული პრაქტიკაა განათლება მიდის იქ, სადაც ეს აუცილებელია. მიზნები დიდი გვაქვს, კონკრეტული ნაბიჯებიც ვიცით, რა და როგორ უნდა გადავდგათ და შესაბამისად მოქმედება დაწყებული გვაქვს. აღნიშნული სკოლა მარტიდან ამოქმედდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები