ტურიზმის შესახებ კანონპროექტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები BMG-სთან დარგში დაანონსებულ ცვლილებებს აფასებენ, რომლის მიხედვითაც ტუროპერატორი, რომელიც ორგანიზებას უკეთებს ისეთ პაკეტებს, რომლებიც საქართველოს გარეთ ტურისტული მომსახურებებს და ჩარტერულ ფრენებს მოიცავს, ვალდებულია, ფინანსური უზრუნველყოფის სახით იქონიოს პაკეტების დაგეგმილი წლიური გაყიდვების არანაკლებ 7%-ისა, მაგრამ არანაკლებ 30 000 ლარისა. ტუროპერატორები მიიჩნევენ, რომ კანონში არსებული მესამე პირის პასუხისმგებლობის ნაწილი ბიზნესს იმდენად დააზარალებს, რომ მათ, შესაძლოა, ბაზრიდან გაქრობაც მოუწიოთ, რადგან კანონის მიღების შემთხვევაში ბიზნესი დაცული ვეღარ იქნება. დარგის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პარლამენტმა მათი შენიშვნები არ გაითვალისწინა. ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების კრიტიკას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პასუხობს. მაია ომიაძის თქმით, კერძო სექტორის ყველა შენიშვნის გათვალისწინება ვერ მოხდება. მათ შორის გადახდის უუნარობის შემთხვევისთვის ფინანსური უზრუნველყოფის წარდგენის ვალდებულება ევროდირექტივით არის განსაზღვრული და მისი კანონში ასახვა უნდა მოხდეს.