ტურიზმის კანონის შემდგომი რეფორმის პროცესი ვერ გაგრძელდა, რადგან USAID-მა დაფინანსება შეაჩერა, - ამის შესახებ "საქმის კურსის ეთერში" ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის თანადამფუძნებელმა, თამუნა თანდაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ორგანიზაციამ ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ "რუსული კანონის" მიღების შემდეგ მიიღო. როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, დაფინანსების შეჩერების შემდეგ, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, კანონზე მუშაობა დამოუკიდებლად ვერ შეძლო.
"4 წლის განმავლობაში ტურიზმის რეფორმაზე ვიმუშავეთ ერთად, მათივე [მთავრობის] ლეგიტიმაციით.
- რამ განაპირობა რეფორმის დაპაუზება?
- პოლიტიკურმა ცვლილებებმა. დონორებთან ურთიერთობა შეწყდა და დამოუკიდებლად მათ [ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას] არ აქვთ რესურსი, ცოდნა და გამოცდილება, რომ ასეთ ტიპის რეფორმები აკეთონ. ქვეყნის ორიენტირი აღარ არის რეფორმების კეთება. არ ვიცოდით რატომ შეწყდა, რადგან გავაგრძელეთ მათთან თანამშრომლობა და მოლოდინის რეჟიმში ვიყავით, ახალი პარლამენტი რომ შედგებოდა, დაიწყებოდა მუშაობა დაიწყებოდა. "რუსული კანონის" მიღების შემდეგ დონორებმა მთავრობასთან კომუნიკაცია შეწყვიტეს", - განაცხადა თამუნა თანდაშვილმა.
როგორც თამუნა თანდაშვილმა აღნიშნა, ბიზნესს დონორთან ურთიერთობა თავის დროზე მთავრობამ ურჩია.
მთავრობამ და პარლამენტმა რეკომენდაცია გაგვიწია დონორთან, რომ მისგან ელემენტარული კვლევების, პოლიტიკის დოკუმენტების, რეკომენდაციების შემუშავების უფრო ფართომასშტაბიანი შესაძლებლობა გვქონოდა. რაზეც შენ მირჩიე, ამასთან იმუშავეო და მითხარი დაგეხმარებაო, იმაზე მეუბნები ახლა აგენტი ხარო. ძალიან საწყენია. შეხვედრა გვქონდა ეკონომიკის მინისტრთან და პირდაპირ დავაფიქსირეთ, ძალიან საწყენია, რომ მე და მაია ომიაძე ერთ მაგიდასთან რომ ვსხედვართ, მე პოლიტიკის დოკუმენტს ვუწერ, რეკომენდაციას ვუწევ კერძო სექტორიდან და ის რომ ამაზე პარლამენტთან მუშაობს, მე რატომ ვარ აგენტი? მაია ომიაძე აგენტი არ არის? საწყენია", - აღნიშნა ბიზნესმენმა.




























