მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტურიზმის მოსაკრებლის შემოღების შემთხვევაში მთავარი პრობლემა აღსრულება იქნება”-ნიკა მანჯგალაძე

64ad676e121d6
ანუკა ჯოხაძე
12.07.23 01:00
765
რამდენად გამართლებულია ქვეყანაში ტურიზმის მოსაკრებლის დანერგვა? საკითხზე შესაბამისი კვლევა USAID-მა ტურიზმის ინსტიტუტთან ერთად ბათუმსა და ქობულეთში არსებულ სასტუმროებში ჩაატარა. ირკვევა, რომ კერძო სექტორის გამოკითხული წარმომადგენლების ნახევარზე მეტი იდეას დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ მოსაკრებელი დადებითად იმოქმედებს ტურიზმის მდგრად განვითარებაზე. თუმცა სასტუმროების ნაწილი აცხადებს, რომ შესაბამისი მოსაკრებლის შემოღება ტურისტულ მომსახურებას გააძვირებს.

ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, ტურიზმის მოსაკრებლის შემოღებით, რომელიც სრულად ადგილობრივ ბიუჯეტში დარჩება, მნიშვნელოვნად გაიზრდება მუნიციპალიტეტის შემოსავლები, უფრო კონკრეტულად ბათუმის შემთხვევაში დღეზე 1 ლარიანი ტურისტული მოსაკრებლის დაწესებით, რომელსაც ქვეყანაში ჩამოსული ტურისტი გადაიხდის მხოლოდ წელს 4-6 მილიონ ლარზე მეტი დამატებითი თანხის აკუმულირება იქნებოდა შესაძლებელი.

ტურისტული კომპანია თრეველ შოპის დამფუძნებელი არ მიესალმება ტურისტული მოსაკრებლის შემოღების იდეას. მისი თქმით, არსებული მცირედით მაგრამ მაინც გააძვირებს ტურისტული მომსახურების ღირებულებას. ნიკა მანჯგალაძე ამბობს, რომ ეს გადასახადი ძირითადად ისევ მსხვილ ბიზნეს ოპერატორებზე იქნება მიმართული, მცირე ბიზნეს ოპერატორები კი კვლავ რეგულირების მიღმა დარჩებიან. მანჯგალაძე ამ პროცესებში მთავარ გამოწვევად აღსრულების ნაწილს მიიჩნევს.

“საქართველოში არის ძალიან ბევრი კარგი კანონი, რომლის ყველაზე დიდი პრობლემა არის აღსრულება. საინტერესოა როგორ აპირებენ ამ გადასახადის შემოღებით აღსრულებას. ისევ და ისევ გამოვა, რომ დაიჩაგრებიან ის დიდი სასტუმროები, რომლებიც ოპერირებენ სხვადასხვა ბრენდის ქვეშ ან იგივე თავის ბრენდის ქვეშ, ხოლო ნებისმიერ გესთჰაუსი, ოთახი, თუ ე.წ კოიკა ის აბსოლიტურად თავისუფალი იქნება გადასახადისგან. ვერც ვერავინ ვერ მიაგნებს და უფრო იაფადაც გაყიდის მომსახურებს ვიდრე დღეს ყიდის.”-ამბობს ტურისტული კომპანია “თრეველ შოპის” დამფუძნებელი ნიკა მანჯგალაძე.

BM.GE საკითხზე აჭარის მთავრობასაც დაუკავშირდა, სადაც გვიხსნიან, რომ ტურიზმის მოსაკრებლის შემოღებასთან დაკავშირებით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მხარეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. მათი თქმით, ამ ეტაპზე კონსულტაციები მიმდინარეობს, რადგან გადასახადის შემოღება არსებულ კანონმდებლობაში მნიშნელოვან ცვლილებებს საჭიროებს.

ცნობისთვის, ტურიზმის მოსაკრებლის შემოღების ინიციატივა 2 წლის წინ ჰქონდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციასაც. საკითხის განხილვა მაშინ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ბიზნესის წარმომადგენლებთანაც იგეგმებოდა, თუმცა საკითხი ბოლომდე არ მისულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები