“ჩვენი ამოცანა ტურიზმის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში არის ის, რომ ქვეყანამ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები მოიზიდოს." - ამის შესახებ “საქმიან დილაში” USAID საქართველოს კერძო სექტორის განვითარების უფროსმა მრჩეველმა დავით წიკლაურმა განაცხადა.
ცნობისთვის, გუშინ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებთან პროგრამის ახალი ინიციატივა ტურიზმის მხარდაჭერის ფონდის (Matching Fund) დაარსება განიხილა, რომელიც საქართველოში ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი კომპანიების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
დავით წიკლაურის თქმით, არსებობს რეგიონალური ორგანიზაციები, რომლებიც ტურიზმის მხარდაჭერის ფონდში აქტიურად უნდა ჩაერთონ, რათა კონკრეტული რეგიონების სწორი და დროული წარმოჩენა მოხდეს. მისივე განმარტებით, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ბოლო ორი თვეა ყალიბდება.
“პროგრამა მიზნად ისახავს იმას, რომ სხვადასხვა ტურიზმზე მიბმული ბიზნესების დახმარება მოხდეს. გეგმა არის ასეთი, რომ პროგრამაში 50 კომპანია გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე ჩაერთვება, ხოლო 50 შემოდგომა-ზამთრის სეზონზე. ჩვენ მცირე და საშუალო ბიზნესებს სასურველი ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვაში დავეხმარებით და მათი პროექტების პროპაგანდას მოვახდენთ.” - განაცხადა წიკლაურმა.
ცნობისთვის: USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა საქართველოში ტურიზმის მხარდაჭერის ფონდს ქმნის. ტურიზმის მხარდაჭერის ფონდი საშუალებას მისცემს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს სოციალურ ქსელებში და ონლაინ სარეკლამო პლატფორმაზე საკუთარი ბიზნესის შესახებ ცნობადობა გაზარდონ. ინიციატივის ფარგლებში შერჩეული კომპანიები სარეკლამო კამპანიებისთვის მათ მიერ გამოყოფილი თანხის ზუსტად იგივე რაოდენობას მიიღებენ დამატებით ტურიზმის მხარდაჭერის ფონდის მიერ.
ფონდის ოპერირების სამიზნე სექტორებია: მცირე და საშუალო ზომის სასტუმროები, საოჯახო ტიპის სასტუმროები, რესტორნები და რეგიონში მდებარე მცირე და საშუალო მეღვინეობები.