ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია დღეს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, რომელსაც მედიის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.
სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს და ყურადღება გამახვილდა ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ტურიზმის სექტორისთვის პროფესიული კადრების მომზადების გაუმჯობესება, ტურისტული კომპანიების დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციების გამარტივება, ტურისტული ტრანსპორტის რეგულირება და სხვ.
„შეხვედრაზე ასევე გადაწყდა ტურისტულ სექტორთან დაკავშირებული მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბება, რომლის შეხვედრებიც რეგულარულად ჩატარდება და სამინისტროს ხელმძღვანელობას სექტორის განვითარების შესახებ წინადადებებს მიაწვდის“, - ნათქვამია ქობულიას უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
„ვაპირებთ, გავაგრეძლოთ ასეთი შეხვედრები. იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია და ვაპირებთ, შევასრულოთ, რომ შევქმნათ ტურიზმის საკითხებთან დაკვშირებული მრჩეველთა საბჭო, სადაც რეგულარულად მოვისმენთ სექტორის წინადადებებს და მივაქცევთ მათ ყურადღებას“, - აცხადებს გიორგი ქობულია.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის დასაწყისში ინვესტორთა საბჭოს რეკომენდაციის თანახმად, ექს-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ინვესტორთა საბჭოში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით, სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც თავის დროზე რიგი რეკომენდაციები შეიმუშავა და მათი დიდი ნაწილი დღემდე რეკომენდაციად რჩება.
ჯგუფში ინვესტორთა საბჭოში შემავალი ტურიზმის ინდუსტრიის დარგობრივი ბიზნეს ასოციაციებია გაერთიანებული.
ტურიზმის საკონსულტაციო საბჭოს ამოცანაა, მიაწოდოს რეკომენდაციები მთავრობას ტურიზმის განვითარებისა და აღნიშნულ სექტორში დაგეგმილი სამთავრობო მარკეტინგული კამპანიების შესახებ.
საბჭო რეგულარულად უნდა შეკრებილიყო და დარგში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ემსჯელა.
ერთ-ერთი ბოლო სამუშაო შეხვედრა მიმდინარე წლის დასაწყისშიც გაიმართა და მასში მონაწილეობა ეკონომიკის ექს-მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმაც მიიღო.
ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახური მაშინ წერდა, რომ შეხვედრის მთავარი თემა იყო 2018 წლისათვის ტურიზმის ბიუჯეტი და მარკეტინგული კამპანიები, რომელთა განხორციელებასაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია მიმდინარე წელს გეგმავდა.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, მეტი ეფექტურობით დავხარჯოთ ის თანხა, რაც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას აქვს ბიუჯეტით გამოყოფილი. შედეგად, უნდა შემოვიყვანეთ მეტი ტურისტი ქვეყანაში, რომლებიც მეტ ფულს დახარჯავენ საქართველოს ეკონომიკაში და ჩვენს ქვეყანაში მეტი დროით გაჩერდებიან“, - აცხადებდა მაშინ ქუმსიშვილი.
2018 წლის იანვარშუ ტურიზმის საკონსულტაციო საბჭოს სხდომაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერა, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი მარიამ მეღვინეთუხუცესი, აგრეთვე პროფილური ბიზნესის წარმომადგენლები.

























