ტურიზმის სექტორი სახელმწიფოს ჩინეთისა და ინდოეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გამარტივებას სთხოვს. ბიზნესის არგუმენტია, რომ რუსული ტურისტული ემბარგოს ფონზე ბაზრების დივერსიფიკაცია უნდა მოხდეს და საქართველომ ახალი ვიზიტორები მოიზიდოს.
სასტუმრო Legends Tskaltubo Spa Resorts-ის დამფუძნებელი ანდრო ჯიშკარიანი ამბობს, რომ საკმაოდ გართულებულია ჩინეთისა და ინდოეთის მოქალაქეების საქართველოში შემოშვება. მისი თქმით, ვიზების გამარტივების საკითხი, მათ ეკონომიკისა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დააყენეს და ხელისუფლების წარმომადგენლები მათ დახმარებას დაპირდნენ.
კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ამ ორ ქვეყანასთან, ანდრო ჯიშკარიანი პასუხობს:
“უვიზო ალბათ არა, მაგრამ მაგალითად ელექტრონული ვიზების შემთხვევაში არის საუბარი დამატებითი ფილტრების დამატებაზე, რაც გაუადვილებს მესაზღვრეს გაცემულ ვიზაზე ტურისტის შემოშვებას. ადამიანი, რომელიც საზღვარზე 8 საათს გაატარებს, რადგან ქვეყანაში შემოშვებას მისთვის ამდენი დრო სჭირდება, არასწორია. არ უნდა ვისხდეთ იმ ტოტზე, რომელსაც ვჭრით. ბიუროკრატიული ბერკეტების გამო არ უნდა ხდებოდეს დისკრიმინაციუილ გადაწყვეტილებები.
თუ არაა შემოსაშვები ადამიანი, იმას წინასწარ ვიზა არ უნდა ჩავურტყათ. თუ ადამიანს ვიზა აქვს, ის რომ ჩამოდის ბარიერები აღარ უნდა შევუქმნათ”,- აცხადებს ანდრო ჯიშკარიანი.

























