ტურიზმის სექტორში არსებული ფავორიტიზმი და სეგრეგაცია დარგის განვითარებას აფერხებს. ექსპერტთა შეფასებით, ბაზარზე დამკვიდრებული პრინციპი „ჩემიანები“ და „შენიანები“ ქვეყნის ეკონომიკისთვის დამღუპველია - ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში“ ვანო ვაშაყმაძემ ისაუბრა.
მისი განმარტებით, საქართველოს მსგავს მცირე ბაზარზე, სადაც რეალურად 1,5 მლნ შრომისუნარიანი ადამიანია დასაქმებული, ხელოვნური ბარიერების აღმართვა და პრიორიტეტის მხოლოდ „არჩეულთა წრისთვის“ მინიჭება მიუღებელია.
„არსებობს ფავორიტები და ფავორიტების წრე, ანუ „ჩემიანები“ და „შენიანები“, რაც კატასტროფაა! ეს კედელი უნდა დაინგრეს, ასე შეუძლებელია არსებობა, იმიტომ რომ ქვეყანა, რომელშიც მხოლოდ 2 მილიონი კი არა, მილიონ-ნახევარი კაცი მუშაობს, არ შეიძლება იყოს დაყოფილი „ჩემიანად“ და „შენიანად“.
ეს არის უპირველეს ყოვლისა მთავრობის ვალდებულება, იმიტომაც არის ის არჩეული. და არჩეული გადარჩევის პირობით, რომ მან შექმნას ის ნორმალური გარემო, სადაც ადამიანები ითანამშრომლობენ ერთად. ტურიზმში არც ისე ბევრი ადამიანი მუშაობს, მით უმეტეს, სახეებითაც და გვარებითაც იცნობენ ერთმანეთს. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია არის და ალბათ უნდა ამაზე დაფიქრდნენ.“ - განაცხადა ვაშაყმაძემ.




























