მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა: 2022 წლიდან ექსპორტიორ კომპანიებს დავეხმარებით

61bb66f0ac679
BM.GE
16.12.21 22:10
567
„ჩვენი ამოცანაა ქართული ექსპორტის შემდგომი განვითარება და მთელ რიგ დარგებში იმპორტდამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირება. ამ ამოცანის გადაჭრაში ეფექტურ როლს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამები ასრულებენ“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, 2021 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა პროგრამა „ბიზნეს ექსპორტი“ და „ბიზნეს უნივერსალი“ - „ბიზნეს ექსპორტის“ პროგრამის მონაწილეები სესხის პროცენტისა და საკრედიტო საგარანტიო სქემის სარგებლობასთან ერთად მიიღებენ გრანტს დამტკიცებული სესხის 15%-ის მოცულობით, ხოლო „ბიზნეს უნივერსალის“ ფარგლებში მცირე ბიზნესს საშუალება აქვს ერთდროულად ისარგებლოს სესხის პროცენტის სუბსიდირებით და საკრედიტო-საგარანტიო სქემით. საექსპორტო და იმპორტჩამნაცვლებელ წარმოებებთან ერთად ასეთივე მხარდაჭერით ისარგებლებენ აგროტურისტული და ეკოტურისტული ბიზნეს-პროექტები.

მისივე თქმით, 2021 წელს განხორციელდა მიკრო გრანტების პროგრამა და 14,3 მლნ ლარით დაფინანსდა 689 მიკროპროექტი. პროექტების ფარგლებში პირდაპირ დასაქმდა 2500 ადამიანი.

2021 წელს (დეკემბრის თვის არასრული მონაცემებით) ბიზნესის მხარდაჭერის სესხის სუბსიდირების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა 327 პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 520 მილიონ ლარამდე ჯამური, კერძო ინვესტიციის მოზიდვას და 5200-მდე სამუშაო ადგილის შექმნას. „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის საკრედიტო - საგარანტიო სქემით ისარგებლა 184-მა ბენეფიციარმა და შედეგად შეიქმნა 2 520-მდე სამუშაო ადგილი.

„წელს ამოქმედდა იპოთეკური სესხების სუბსიდირების ახალი პროგრამა, რომლითაც ისარგებლა 900-მდე ოჯახმა და ეს სტატისტიკა ყოველდღე იზრდება. ესენი არიან ძირითადად მრავალშვილიანი ოჯახები ან ოჯახები, ვისაც ეყოლათ ახალშობილი. შედეგად თითოეულმა მათგანმა შეძლო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ბინების შეძენა ჩვენი პროგრამის დახმარებით. ეს პროგრამა ასევე დიდი დახმარებაა სამშენებლო სექტორისთვის, დეველოპმენტისთვის, რომელიც ასევე ძალიან მტკივნეულად განიცდის ფინანსურ კრიზისებს, რადგან პირველი დარტყმა მოდის ხოლმე როგორც ტურიზმზე, ასევე მშენებლობაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იყო“ - აღნიშნა მინისტრმა.

რაც შეეხება 2022 წლის გეგმებს, მინისტრის განცხადებით, გაგრძელდება ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების გაფართოება.

„თუ შექმნის დღიდან „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ინდუსტრიული და საკრედიტო საგარანტიო სქემით ისარგებლა ჯამურად 1 400- მა ბიზნესმა, (აქ არ შედის ქონების გადაცემისა და სოფლის მეურნეობის კომპონენტები), გეგმაში გვაქვს უახლოეს ორ წელიწადში კიდევ 1 500 ბიზნესს დავეხმაროთ განვითარებაში და ფინანსური რესურსის მოძიებაში.ანუ ამ პროგრამის ინტენსივობა იზრდება და გვსურს მომავალ ორ წელიწადში იმაზე მეტ ბიზნესს დავეხმაროთ, ვიდრე ეს მოხდა წინა 6 წელიწადში. მომავალ წელს ამ მიმართულებით ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს დაახლოებით 270 მლნ ლარი. გარდა უკვე არსებული პროგრამებისა, 2022 წელს ჩვენი სააგენტო ექსპორტიორ კომპანიებს შესთავაზებს ტექნიკური დახმარების კომპონენტს, რაც ითვალისწინებს კომპანიის სერტიფიცირების, ბრენდინგისა და პროდუქციის შეფუთვის და საერთაშორისო ქსელში შესვლის ხარჯების თანადაფინანსებას გრანტის სახით“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები