მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურნავა ანაკლიის პორტზე: სახელმწიფო არასოდეს მიიღებს ანაკლიისთვის საზიანო გადაწყვეტილებას

5cfa2c6457583
დავით ჯალაღონია
07.06.19 13:19
912
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ განმარტა, რა სახის სანებართვო დოკუმენტი მიიღო სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოსგან „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“, რომელიც მოგვიანებით გაუქმდა.

ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში ისაუბრა.

"მხოლოდ ანაკლიის პრიორიტეტის კონტექსტში ვიხილავთ და განვიხილავთ ნებისმიერ სხვა ინიციატივას ალტერნატიული საპორტო განვითარების შესახებ. კონკრეტულად ეს იმითიც დამტკიცდა, რომ როდესაც ჩვენ მოგვმართა „ეი პი ემ ტერმინალმა“ და ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ თუნდაც მეორეხარისხოვანი დოკუმენტი, რომელიც რატომღაც შერაცხეს სამშენებლო ნებართვად, მიუხედავად იმისა, რომ ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ სულ მცირე მიწა მაინც უნდა გქონდეს საკუთრებაში, მშენებლობა რომ დაიწყო და ჩამონათვალი მაქვს აქ 20-მდე სხვადასხვა საკითხისა, რაც უნდა იყოს წარმოდგენილი და შესრულებული იმისთვის, რომ ნებართვა მიიღო, რა თქმა უნდა, ეს შესრულებული და წარმოდგენილი არ ყოფილა.

საუბარი იყო მხოლოდ მიწათსარგებლობის დოკუმენტზე, რომელიც როგორც კი ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ასეთი დოკუმენტი არსებობს და ის ძირითადად მომზადდა და შეიკრა, ჩემს მინისტრად დანიშვნამდე, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა მოვიმოქმედეთ. ტექნიკური დარღვევის გამო ეს დოკუმენტი დღეს გაუქმებულია, სახელმწიფო მოხელე, რომელმაც ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუნდაც უმნიშვნელო დოკუმენტთან დაკავშირბეით არ ჩამაყენა დროულად საქმის კურში, აღარ არის თავის თანამდებობაზე.

შესაბამისად, არანაირი წინაღობა ანაკლიის განხორციელებას არ ექნება. არასოდეს სახელმწიფო და ეკონომიკის სამინისტრო არ მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ანაკლიისთვის დამაზიანებელი", – განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები