ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საბანკო სექტორთან ერთად იმ გეგმის ჩამოყალიბებაზე იმსჯელა, რომელიც ტურისტულ სექტორში მოქმედ ბიზნესს რუსული ავიასანქციების ნეგატიურ გავლენებს შეუმსუბუქებს.
"კომერციულ ბანკებთან ერთად ვსაუბრობთ იმ გამოწვევებზე, რაც დაუდგა ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას. იკვეთება შესაძლებლობა, რომ ჩვენს ხელთ არსებული სხვადასხვა ფინანსური მხარდაჭერის სქემა და ფინანსური პროდუქტი, მათ შორის საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი მოვარგოთ დღევანდელ გამოწვევებს. ძალიან მალე ვიქნებით მზად, რომ კონკრეტული გეგმით დავუბრუნდეთ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას", - განაცხადა ნათია თურნავამ ეკონომიკის სამინისტროში ბანკებთან გამართული სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელშიც საქართველოს ყველა კომერციული ბანკის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
"შეხვედრაზე კომერციული ბანკების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ეკონომიკის მინისტრის ინიციატივა, გამოხატეს აქტიური მხარდაჭერა და გამოთქვეს იმედი, რომ ერთობლივი მუშაობით მალე ჩამოყალიბდება ტურისტული სექტორის მხარდაჭერის კონკრეტული მიმართულებები", – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























