დღეს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწესებული ე.წ. ტურისტული ემბარგო ამოქმედდა.
სწორედ ეს საკითხი იყო მთავრობის ეკონომიკური გუნდის და ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა.
თურნავას განცხადებით, არსებული ვითარების საპასუხოდ, მთავრობა მცირე ზომის სასტუმროებს კრედიტების თანადაფინანსებას გაუკეთებს.
"ჩვენ დღეს ვიმსჯელეთ ბიზნესასოციაციაში იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რასაც აპირებს ხელისუფლება იმისთვის, რათა შეუმსუბუქოს ტურისტულ ბიზნესს ის შესაძლო ზიანი, რაც მათ დაუდგებათ რუსეთის გადაწყვეტილების გამო. პირველი და მთავარი - ჩვენ შევისწავლეთ, რა გასაჭირი უდგას მცირე სასტუმროებს, ეს არის ყველაზე უფრო მოწყვლადი ფენა, რაც დარტყმის ქვეშ დგება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საბანკო სესხების თანადაფინანსებაზე. რაც მესმოდა ამ დღეების განმავლობაში არის ის, რომ საბანკო სესხები არის ერთ-ერთი ის, რაც არის მნიშვნელოვანი ფინანსური ტვირთი და ჩვენ მათ ამ ტვირთის გაღებაში დავეხმარებით პროცენტის თანადაფინანსებით. ჩვენი საკრედიტო საგარანტიო სქემა მთლიანად გადაერთვება ტურიზმის ინდუსტრიაზე," - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

























