მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურნავა რუსეთიდან ხორბლის იმპორტის შესაძლო აკრძალვაზე: ძალიან კარგი ალტერნატივაა ყაზახეთიდან

5d17d35e90039
დავით ჯალაღონია
30.06.19 01:00
1743
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში რუსული ხორბლის იმპორტის ალტერნატიულ გზებზე ისაუბრა.

"ხორბალთან დაკავშირებით ეს არის წუხილი, რომელიც ქვეყნის შიგნით წამოვიდა, გამომდინარე იქედან, რომ მართლაც ხორბლის იმპორტის მიმართულება ჯერაც არ არის დივერსიფიცირებული. დიდი წილი რუსეთის ბაზარს უჭირავს, მაგრამ მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ პრემიერ–მინისტრთან ერთად როდესაც ვიყავით ჩასულები ყაზახეთში, ძალიან სერიოზული მოლაპარაკებები გავმართეთ იქ იმასთან დაკავშირებით, რომ ყაზახური მხარე მზად არის დაასუბსიდიროს ხორბლის სარკინიგზო გადაზიდვები და გახადოს ყაზახური ხორბალი უფრო კონკურენტული, რაც მოგვცემს საშუალებას, უფრო ინტენსიურად შემოვიტანოთ ყაზახური ხორბალი საქართველოს ბაზარზე. ჩვენ ამაზე მუშაობა რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ, როდესაც ჯერ კიდევ ვერავინ იფიქრებდა, რომ რაღაც ნეგატიური მოვლენები მოხდებოდა, მაგრამ იმთავითვე ვიზრუნეთ იმაზე, რომ ბაზარი დივერსიფიცირებული იყოს.

ზოგადად, დივერსიფიკაცია არის ყველაზე მეტი გარანტია იმისა, რომ არ ვიქნებით მოწყვლადი რომელიმე ერთი ქვეყნის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმართ. აქედან გამომდინარე, მინდა დავამშვიდო ჩვენი მეხორბლეები და მოსახლეობა, რომ არის ძალიან კარგი ალტერნატივა ყაზახეთიდან", – განმარტა მინისტრმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. "პუტინის ტურისტული ემბარგოს" შემდეგ, ხორბლის იმპორტით დაკავებული კომპანიები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა შეზღუდვები საქართველოში ხორბლის ექსპორტზეც დააწესონ.

"დღეს არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ რუსეთმა დაადოს ხორბლის იმპორტსაც ემბარგო, ოღონდ არა მხოლოდ ავტომანქანებით იმპორტს, არამედ გემებით და რკინიგზით იმპორტსაც; თან ამას გააკეთებს არა - პირდაპირ, არამედ იქნება შეზღუდვები ექსპორტისას დოკუმენტების გამოწერის მხრივ. ეს იქნება ძალიან ცუდი, რადგან ოფიციალურად არ გაჟღერდება, მაგრამ ყველა მოქალაქე იგრძნობს თავისთავზე. ამდენად, საფრთხეა, რადგან პრაქტიკულად თითქმის 100%-ით ვართ დამოკიდებული რუსულ ხორბალზე. განსაკუთრებით ბოლო 3-4 წელია, 100%-ით მივებით რუსეთს, პირველ რიგში, ეს განაპირობა სამანქანე ნაკადმა, რომელიც მოემართება ზემო ლარსიდან და იშლება მთელს საქართველოში და პრაქტიკულად, რუსეთიდან იმპორტირებული ხორბლის 60% მოდის ავტომანქანებით იმპორტზე", - აცხადებს bm.ge-ისთან კომპანია "აგრიკომის" გენერალური დირექტორი ქეთევან კუბლაშვილი.

რუსეთის მხრიდან ხორბლის ბაზრის ჩაკეტვის საშიშროებაზე საუბრობს მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავაც.

"რუსეთი ბაზარს პირდაპირ არ კეტავს, თუმცა იმპორტის განხორციელებისას ხდება საბუთების გაფორმების დროს ბარიერების შექმნა; საბუთები, რომელიც ეხება ხარისხობრივ მაჩვენებელს, ჩერდება რამდენიმე დღის განმავლობაში. თუ რომელიმე ქვეყანას უკეთებენ დღენახევარში, პრობლემების დროს ეს გადადის 8 დღემდე. ამ მექანიზმით ჰქმნიან ბარიერს, ხდება დოკუმენტაციის გაფორმებისას პროცედურების გართულება. ჩვენ ვესაუბრეთ ჩვენს პარტნიორებს, საიდანაც მოგვაქვს ხორბალი. ამბობენ, რომ ეს საკითხი აქტიურად მუსირებს რუსეთში, ბიზნესაზოგადოებაში. აქედან გამომდინარე, ნამდვილად არსებობს ეს რისკები", - აცხადებს ლევან სილაგავა.

ცნობისთვის: საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოში 171,000 ტონა ხორბლის და მესლინის იმპორტი განხორციელდა. ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ 171,000 ტონა ხორბლიდან 117,000 ტონა რუსეთიდან იქნა იმპორტირებული და მხოლოდ 54,000 ტონამდე - ყაზახეთიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები