ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქართული ღვინის ხარისხთან დაკავშირებით "როსპოტრებნადზორის" განცხადებებს უპასუხა. ამის შესახებ მინისტრმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, ყურადსაღები განცხადებები იყო გაკეთებული, მათ შორის ღვინის ხარისხთან დაკავშირებით. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ჩვენი ღვინის ხარისხი არის დადასტურებული მრავალჯერ და თუნდაც იმით, რომ ჩვენი ღვინო ისეთ საბაზრო ნიშაზეა წარმოდგენილი, სადაც რა თქმა უნდა, დაბალი ხარისხის ღვინო ვერ იქნება წარმოდგენილი.
ობიექტურად თუ მიუდგება ვინმე ქართულ ღვინოს, ხარისხი არის საკმაოდ მაღალი, თუმცა თუკი საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ ეს ბრალდება, ან ეჭვი გავაქარწყლოთ და დამატებით ვიმუშაოთ, ჩვენი კოლეგები სოფლის მეურნეობის სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ თუკი დამატებით რაიმე რწმუნება არის საჭირო, რომ ღვინის ხარისხი არის მაღალი, ამაშიც დაეხმაროს კომპანიებს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით რაიმე შემზღუდავი ღონისძიება არ განხორციელდება, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ჩვენს მეღვინეებს დავუდგეთ გვერდში, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ თუკი რაიმე ობიექტური, ან სუბიექტური ეჭვი არსებობს, მაქსიმალურად იყოს გაქარწყლებული. იმედი მაქვს, ეს ნეგატიური მოლოდინი არ განხორციელდება", – განაცხადა მინისტრმა.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ დაწესებული ე.წ. ტურისტული ემბარგოს შემდეგ, რუსეთის ფედერაციის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ზედამხედველმა უწყებამ ქართული ღვინის წინააღმდეგ განცხადებების გაკეთება დაიწყო.
კერძოდ, რუსეთში აცხადებენ, რომ საქართველოდან იმპორტირებული ღვინისა და სხვა ალკჰოლური სასმელების ხარისხი წლიდან წლამდე უარესდება, შესაბამისად, ისინი იძულებულნი არიან, ქართულ პროდუქციაზე კონტროლი გააძლიერონ.
რუსეთის მარეგულირებელში განმარტავენ იმასაც, რომ 2014 წლიდან 2018 წლამდე ალკოჰოლური პროდუქციის მოცულობა, რომელიც არ შეესაბამებოდა აუცილებელ მოთხოვნებს, 2,9 ჯერ გაიზარდა და 2018 წელს 203 ათას ლიტრი შეადგინა. ამ პერიოდის განმავლობაში ანუ 2018 წელს რვა ქართველ მწარმოებელს ღვინის ექსპორტი აეკრძალა. მათ შორის არიან: შპს "ბაგრატიონი -1882", შპს "ბოლერო და კომპანია", შპს "კახეთის ტრადიციული მეღვინეობა", შპს "ბადაგონი", შპს "ქართული ღვინის სახლი" LLC "ქართული ღვინო", ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია " და შპს" ბატონო ".

























