საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო ზოგადად, სანიმუშოა თავისი გახსნილობით და საინვესტიციო კლიმატით.
ამის შესახებ მინისტრმა „Forbes კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„თქვენ იცით, ჩვენი რეიტინგები, მაგრამ არ დავიღლებით ამის შეხსენებით, ჩვენ ვართ ბიზნესის კეთების სიმარტივით მეექვსე ორ ასეულ ქვეყანას შორის. ბევრ ევროპულ ანალოგიას ვუსწრებთ. არის თუ არა ეს საკმარისი? - ეს არაა საკმარისი. ამბიცია გვაქვს, რომ TOP სამეულში მოვხდეთ, თუმცა ესაა ძალიან დიდი მიღწევა, რომელზეც ოცნებობს ბევრი, გაცილებით ხანგრძლივი, დემოკრატიული, ლიბერალური ბაზრის მქონე ქვეყნები“, - განაცხადა მინისტრმა.
ჟურნალისტის კითხვას - რა ვადაში წარმოუდგენია მინისტრს ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში საქართველოს TOP სამეულში მოხვედრა, ნათია თურნავამ შემდეგი პასუხი გასცა:
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შესაძლებელია გავაკეთოთ უახლოესი ათწლეულის მანძილზე. უახლოეს ათწლეულში ტოპ-სამეულში მოვხვდებით, თუმცა ვეცდებით, რომ ეს უფრო მალე დადგეს. ამისთვის რა არის აუცილებელი? - ამისთვის აუცილებელია პულსზე ხელი გვეჭიროს ყოველთვის. ესაა დინამიური პროცესი. მსოფლიო იცვლება, მსოფლიო ბაზარი იცვლება. ინვესტორების ქმედება იცვლება და ინვესტორების ინტერესებიც იცვლება“, - განაცხადა მინისტრმა.

























