“უწყებას ღამის კლუბების პრობლემატიკის კვლევა დაწყებული აქვს და სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარეობს პროტოკოლებზე მუშაობა", - ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას ეკუთვნის, რომელიც მან, ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისში გააკეთა.
მას შემდეგ სამი თვე გავიდა, თუმცა, როგორც BMG-ისთვის გახდა ცნობილი, მთავრობის მხრიდან საკლუბო ბიზნესთან კომუნიკაცია არ ყოფილა.
ბარ “დედაენას” დამფუძნებელი BMG-ის ეუბნება, რომ ამ ეტაპზეც კი, არანაირი გრძელვადიანი ხედვა არ არსებობს და ეკონომიკის მინისტრის სატელევიზიო განცხადება იყო სიცრუე.
“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამჟამად არ არსებობს არანაირი გრძელვადიანი ხედვა, რომელიც ჩვენს სფეროს შეეხება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან სრულად ვართ ორგანიზებული, გვაქვს კონკრეტული ინიციატივები და ჩავატარეთ სატესტო ღონისძიებაც, მეორე მხრიდან, ცალსახად, არ არის ინტერესი. კი, რა თქმა უნდა არის მერიის კულტურის დეპარტამენტი, რომელიც გვიდგას გვერდში, მაგრამ...
თუნდაც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ რომ გამოაცხადა მზაობა ჩვენთან შეხვედრასთან დაკავშირებით, ეს იყო უბრალოდ სიცრუე, იმიტომ რომ მის სატელევიზიო განცხადებას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან დიდი იმედი გაჩნდა, ეს უბრალოდ ტყუილი აღმოჩნდა. არაფერი არ მოჰყოლია საერთოდ და არც ხედვა არსებობს”, - აცხადებს ბარ “დედაენას” დამფუძნებელი დათა ლაფაური.