ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი მიიჩნევს, რომ მარკეტინგულმა აქტივობებმა იმ შესაძლებლობებს გაუსწრო, რასაც ტურიზმი მომხმარებელს აწვდის. მისი დაკვირვებით, ტურიზმის სფეროში კვალიფიციური კადრების დეფიციტია.
"საქართველოში არის ტურიზმის კოლეჯები, სასწავლებლები, მაგრამ როგორც ჩანს, ის კადრები, რომლებსაც ეს სასწავლებლები უშვებენ, საკმარისი არ არის. კახეთიდან მოყოლებული სვანეთამდე პროფესიონალ მიმტანებს და მზარეულებს ეძებენ, რომლებიც მომსახურების სფეროში იმუშავებენ. კარგი კადრი სერიოზული დეფიციტია, რაც იმის სიგნალია, რომ მომდევნო წლებში განათლების კუთხით კადრების მომზადება უნდა გააქტიურდეს. სახელმწიფოსგან ხელშეწყობა კარგი იქნებოდა იმ კუთხით, რომ უკვე არსებულ კადრებს კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება მიეცეთ“, - აცხადებს ია თაბაგარი „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას.
რაც შეეხება ტურისტულ ინფრასტრუქტურას, ია თაბაგარი ამ მხრივ ქვეყანაში არსებულ ვითარებას სავალალოს უწოდებს.
"ტურისტული ინფრასტრუქტურა მხოლოდ კაფე და სასტუმრო არ არის, ეს არის გზებიც. ზოგიერთი გზა, რომელიც ტურისტული ადგილებისკენ მიდის, სავალალო მდგომარეობაშია. მე რამდენიმე დღის წინ ფშავში ვიყავი, სადაც ჯომარდისთვის ორი ძალიან კარგი ბაზაა. გზა იმდენად სავალალო მდგომარეობაშია, რომ გასაკვირია. ამაზე ხმას არავინ იღებს. გარდა ამისა, ბევრი პროექტი, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებდა - ტურისტულ ადგილებამდე მისასვლელ გზებს და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, დასრულებული არ არის“, - აღნიშნავს ია თაბაგარი.
ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე სხვადასხვა ავტოსადგურში არსებულ არასახარბიელო მდგომარეობაზეც ამახვილებს ყურადღებას.
"მაგალითად, „დიდუბის ავტოსადგურში“ როგორც კი შედიხარ, ეს არის დაბრუნება 90-იან წლებში. იქ ყველაფერი გაყინულია და არაფერი შეცვლილა. ტურისტები ფიქრობენ, რომ ეს ასეთი ქვეყანაა და ასეც უნდა იყოს, მაგრამ რატომ უნდა იყოს ასე, როცა მეტი ამბიცია გვაქვს და გვინდა, რომ დახვეწილი იყოს. გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც შეუძლიათ, რომ ერთი ქალაქიდან მეორეში საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრონ, თავს არიდებენ, რადგან იციან, რომ ზაფხულში კონდიცირება არ არის, ზამთარში - გათბობა“, - აცხადებს ია თაბაგარი.
საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გარდა, ია თაბაგარი ხელისუფლებას ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებას ურჩევს.
"ამბიცია გვაქვს, რომ ეს არის ეკოლოგიურად სუფთა ქვეყანა და ამ დროს მდინარეებში, გზებზე ნაგავი იყრება, რაც თვალში საცემია. ქვეყანაში ვიზიტორთა რიცხვი იზრდება და ეს დანაგვიანების ზრდის პირდაპირპროპორციულია“, - აღნიშნავს ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე.

























