თურქმა ექსპორტიორებმა, საექსპორტო შემოსავლები, რომელიც უცხოურ ვალუტაშია, ლირაში უნდა გადაახურდაონ. Reuters-ის ინფორმაციით, ეს ვალდებულება მათ ეროვნული ვალუტის ვარდნის შესაკავებლად მიიღეს, თუმცა სფეროს ექსპერტების შეფასებით, ამან შესაძლოა მწარმოებლები $3-4 მლრდ-ით დააზარალოს.
2018 წლის დასაწყისიდან, ლირა 40%-ით გაუფასურდა, რამაც ინფლაციის 15-წლიან მაქსიმუმამდე, 18%-მდე ზრდის პროვოცირება გამოიწვია.
ეკონომისტები ამბობენ, რომ ლირის ვარდნის და ინფლაციის შესაკავებლად, საპროცენტო განაკვეთების გაზრდაა აუცილებელი, თუმცა ქვეყნის ცენტრალური ბანკი, უკვე სამი თვეა, ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეპ თაიფ ერდოღანის ზეწოლით, თავს იკავებს განაკვეთების გაზრდისგან. ერდოღანი, საკუთარ თავს „საპროცენტო განაკვეთების მტერს“ უწოდებს.
თურქეთის მთავრობის ბრძანებით, ექსპორტიორმა, უცხოურ ვალუტაში ამონაგების 80%, ფულის მიღებიდან 180 დღეში უნდა გადაახურდაოს ლირაში. ვალდებულება წინა კვირას შევიდა ძალაში და 6 თვის განმავლობაში იმოქმედებს. 2017 წელს, თურქეთიდან ექსპორტმა $157 მლრდ შეადგინა.
ახალი მოთხოვნა, იმ ექსპორტიორებს დააზარალებს, რომლებიც ნედლეულს ყიდულობენ უცხოეთში, ან კრედიტი აქვთ უცხოურ ვალუტაში, - თვლის სავაჭრო პალატების და სასაქონლო ბირჟების კავშირის თავმჯდომარე შერეფ ფაიატი და აცხადებს, რომ ამ წესში ცვლილებები უნდა შევიდეს.

























