თურქეთმა და აზერბაიჯანმა ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ ახალ გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი, რომლის საერთო მოცულობა 33 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. გაზის ტრანსპორტირება აზერბაიჯანიდან თურქეთში ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით მოხდება.
Report-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ალპარსლან ბაირაქტარმა განაცხადა. მისი სიტყვებით, შეთანხმების ფარგლებში, 15 წლის განმავლობაში ყოველწლიურად კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში მდებარე „აფშერონის“ საბადოდან 2,25 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება მოხდება. კონტრაქტი 2029 წლიდან შევა ძალაში დაიწყება და 2040 წლამდე გაგრძელდება.
„გაზის ტრანსპორტირება არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით მოხდება“, - განაცხადა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა და დასძინა, რომ გრძელვადიანი კონტრაქტებისა და წყაროების დივერსიფიკაციის სტრატეგია თურქეთის ენერგოუსაფრთხოებას აძლიერებს.
Report-ი თურქეთის ენერგეტიკული ბაზრის რეგულირების სააგენტოს (EPDK) ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანმა თურქეთში 9,79 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა, რაც 3,5%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამჟამად აზერბაიჯანი თურქეთისთვის ბუნებრივი აირის მეორე უმსხვილესი ექსპორტიორია რუსეთის შემდეგ.
ცნობისთვის, „აფშერონის“ საბადო 1960-იან წლებში აღმოაჩინეს და მისი მარაგები 350 მილიარდ კუბურ მეტრად არის შეფასებული. ამჟამად პროექტში წილები შემდეგნაირად არის განაწილებული: SOCAR (35%), TotalEnergies (35%) და აბუ-დაბის ეროვნული ნავთობკომპანია ADNOC (30%).




























