სამშენებლო სექტორმა რეგიონის ქვეყნებიდან კადრების დეფიციტის ფონზე მუშახელის შემოყვანა დაიწყო. მათი თქმით, მიმდინარე პროექტების რაოდენობის ზრდისა და ემიგრაციის ფონზე ამ მიმართულებით მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება და სექტორს სხვა გამოსავალი არ აქვს.
კომპანია “ინსის” დირექტორი ზვიად თოიძე აცხადებს, რომ მათ კომპანიას მასიურად ამ გზისთვის არ მიუმართავს, თუმცა ბაზარზე მომუშავე კომპანიებმა კადრები თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და შუა აზიის ქვეყნებიდან შემოიყვანეს. მისი თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე ეს გარდაუვალი მოცემულობა იყო.
“არის ამის პრეცედენტები, იგივე თურქეთის მუშახელი შემოჰყავთ, იცით, რომ თურქეთში დევალვაცია იყო, შესაბამისად, იქიდან მოხდა კადრების საქართველოში შემოდინება. გამიგია აზერბაიჯანელები, უკრაინელები, სხვადასხვა ქვეყნებიდან მათ შორის შუა აზიიდანაც შემოჰყავთ კომპანიებს კადრები. ჩვენ არ გვქონია მასობრივად ამის პრეცედენტი.
მე ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ მთავარია პროექტები განხორციელდეს. დარწმუნებული ვარ არცერთი კომპანია არ არის მოწადინებული ქართველი ჩაანაცვლოს უცხო ქვეყნის მოქალაქით, უბრალოდ თუ არ იქნება საკმარისი უნდა მოხდეს სხვადასხვა ქვეყნის მუშახელის გამოყენება,”- ამბობს კომპანია “ინსის” დირექტორი ზვიად თოიძე.
მსოფლიოს ახალი ამბები ქართულ ენაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ BMG-ზე.