თურქეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია თურქეთის სოფლის მეურნეობისა და მეტყეობის მინისტრს ბექირ პაკდემირლის შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთს შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაფართოებას. კერძოდ, მინისტრებმა განიხილეს ხორცის ექსპორტის ზრდა საქართველოდან თურქეთში.
გიორგი ქობულიას განცხადებით, თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა უკვე დაავალა სპეციალურ სამსახურს, რომ საქართველოში გამოიგზავნოს კომისია, რომელიც წამყვანი ადგილობრივი ხორცკომბინატების ფიტოსანიტარულ ნორმებს შეისწავლის.
„ვვარაუდობთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ სერტიფიცირებას და შეგვეძლება თურქეთში ხორცის ექსპორტის საგრძნობლად გაზრდა. ამასთან, თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ვილაპარაკეთ თაფლის ექსპორტზე. აგრეთვე ინვესტორების მოზიდვაზე სოფლის მეურნეობის ისეთ დარგებში, როგორიცაა თხილის წარმოება. ვიმედოვნებთ, რომ თურქეთთან სოფლის მეურნეობის დარგში საკმაოდ სწრაფად გავაღრმავებთ ურთიერთობებს“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.