თურქეთი შავ ზღვაში ზოგიერთი სავაჭრო გემის გადაადგილებას ზღუდავს. Bloomberg-ის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ანკარამ რეგიონში რუსეთისა და უკრაინის მიერ გემებზე იერიშების გახშირებისა და უსაფრთხოების რისკების ზრდის ფონზე მიიღო.
წყაროების ცნობით, თურქეთის სანაპირო უსაფრთხოების გენერალურმა დირექტორიატმა ნავთობისა და მარცვლეულის ექსპორტისთვის საკვანძო რუსულ პორტში, ნოვოროსიისკში მიმავალ რამდენიმე გემს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე მსგავსი რეისებისთვის ტრანზიტის ნებართვები არ გაიცემა ან დარდანელის სრუტის გავლით განაცხადების განხილვას დამატებითი დრო სჭირდება.
წყაროების ამბობს, რომ ოფიციალურ სტრუქტურებს შეზღუდვების მიზეზი არ განუმარტავთ. ამასთან, ზოგიერთი გემის ეკიპაჟს აცნობეს, რომ ანალოგიური შეზღუდვები ვრცელდება უკრაინისკენ მიმავალ ხომალდებზეც.
დარდანელის სრუტეში შეფერხებები ფაქტობრივად ზღუდავს ხომალდების ნაკადს შავ ზღვაში, სადაც სავაჭრო, მათ შორის თურქული გემების წინააღმდეგ თავდასხმების მატებამ ანკარას უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ უბიძგა.
Bloomberg-ის მიერ შეგროვილი გემების თვალთვალის მონაცემების მიხედვით, შეზღუდვები არ შეჰხებია სხვა მიმართულებებს. 8 აგვისტოს მდგომარეობით, ბულგარეთის, რუმინეთის, საქართველოსა და თურქეთის პორტებისკენ მიმავალი ხომალდები დარდანელის სრუტის გავლით ჩრდილოეთის მიმართულებით შეუფერხებლად აგრძელებდნენ მოძრაობას.

ამ კვირის დასაწყისში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ორ თურქულ გემზე დრონებით თავდასხმის შედეგად ქვეყნის რამდენიმე მოქალაქე დაშავდა.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, განსაკუთრებით კონფლიქტში მონაწილე მხარეებს, სასწრაფოდ გაატარონ კონკრეტული ზომები შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია თურქეთის საგარეო უწყების 4 აგვისტოს განცხადებაში. უწყებაში დასძენენ, რომ ესკალაციას ექნება „მრავალმხრივი უარყოფითი შედეგები“, მათ შორის სასურსათო უსაფრთხოების კუთხით.
ივლისში თურქული გემი ასევე მოჰყვა დარტყმის ქვეშ ნოვოროსიისკში, კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) ნავთობის ტერმინალთან ახლოს. თავდასხმების სერიის გამო ობიექტს ბოლო კვირებში ტვირთის დატვირთვის პროცესის რამდენჯერმე შეჩერება და განახლება მოუწია.
ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები, რომლებიც თურქეთის ტერიტორიულ წყლებში გადის და შავ ზღვას ეგეოსის ზღვასთან აკავშირებს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საზღვაო გზაა. თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონაცემებით, 2025 წელს ბოსფორის სრუტე 40 000-ზე მეტმა გემმა გადაკვეთა.
1936 წლის მონტრეს კონვენციის თანახმად, თურქეთი ვალდებულია უზრუნველყოს სავაჭრო გემების თავისუფალი გატარება სრუტეებში, თუმცა ამავდროულად მას აქვს უფლება, დაარეგულიროს ნავიგაციის უსაფრთხოება.
მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრი თურქეთი ცდილობს შეინარჩუნოს ურთიერთობები როგორც უკრაინასთან, ისე რუსეთთან, ომმა სრუტეებში ნაოსნობა მანამდეც შეაფერხა. 2022 წელს, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ, ანკარამ გემებისგან დაზღვევის ნამდვილობის დამატებითი დოკუმენტაცია მოითხოვა.




























