მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი თითქმის განახევრდა - საიდან შემოგვაქვს წამლები?

წამლები

თურქეთიდან საქართველოში მედიკამენტების იმპორტი თითქმის განახევრდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, თურქეთიდან 23,7 მლნ აშშ დოლარის 627 ტონა მედიკამენტები შემოვიტანეთ, მაშინ როცა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში თურქეთიდან სამკურნალო საშუალებების იმპორტმა 43,6 მლნ აშშ დოლარი (1060 ტონა) შეადგინა. შემცირდა მედიკამენტების საერთო იმპორტში თურქეთის წილიც 42%-დან 25%-მდე.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს კლების პირველი შემთხვევაა:

2021 წლის იანვარ-თებერვალი - $5,5 მლნ, 41 ტონა;

2022 წლის იანვარ-თებერვალი - $8,2 მლნ, 105 ტონა;

2023 წლის იანვარ-თებერვალი - $13,9 მლნ, 254 ტონა;

2024 წლის იანვარ-თებერვალი - $43,6 მლნ, 1060 ტონა;

2025 წლის იანვარ-თებერვალი - $23,7 მლნ, 626 ტონა.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონა კოკიაშვილმა გასულ თვეს BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის განახევრება რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. მისი თქმით, თურქეთში მედიკამენტების ფასები დაკორექტირდა, იმ მედიკამენტების უმრავლესობა, რომლის ინტერესი გვაქვს, საფასო ზღვარში მოხვდა და ვეღარ შემოდის.

რაც შეეხება საერთო ჯამში მედიკამენტების იმპორტის მოცულობას, იანვარ-თებერვლის მონაცემებით, წელს გასულ წელთან შედარებით, მცირედი ცვლილებაა. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში 95,7 მლნ აშშ დოლარის 2000 ტონა მედიკამენტი შემოვიტანეთ, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 103,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 2 754 ტონა მედიკამენტის იმპორტი განხორციელდა. აღნიშნული მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მედიკამენტები გაუძვირდა. თუმცა სამკურნალო საშუალებების მთავარი საიმპორტო ქვეყანა კვლავ თურქეთია.

TOP-10 ქვეყანა, საიდანაც 2025 წლის იანვარ-თებერვალში ყველაზე მეტი მედიკამენტები შემოვიტანეთ:

  1. თურქეთი - 23,7 მლნ აშშ დოლარი - 626 ტონა
  2. გერმანია - 14,1 მლნ აშშ დოლარი - 105 ტონა
  3. უნგრეთი - 9,4 მლნ აშშ დოლარი - 61 ტონა
  4. შვეიცარია - 8,3 მლნ აშშ დოლარი - 9 ტონა
  5. საფრანგეთი - 5,4 მლნ აშშ დოლარი - 22 ტონა
  6. ეგვიპტე - 3,7 მლნ აშშ დოლარი - 94 ტონა
  7. ინდოეთი - 2,8 მლნ აშშ დოლარი - 141 ტონა
  8. ლიეტუვა - 2,8 მლნ აშშ დოლარი - 50 ტონა
  9. ნიდერლანდები - 2,7 მლნ დოლარი - 18 ტონა
  10. უკრაინა - 2,6 მლნ აშშ დოლარი - 166 ტონა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები