მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთიდან წამლების პარალელური იმპორტის ეფექტს 2 თვეში ვიგრძნობთ - სპეციალისტები

61e7cae384e52
ინგა მურუსიძე
19.01.22 16:36
760
საქართველომ თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი დაუშვა. სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველო პარალელური იმპორტის ეფექტს, დაახლოებით, ორ თვეში იგრძნობს. საკითხზე მათ Forbes health-ში ისაუბრეს, რომლის მთავარი თემა ჯანდაცვის ინდუსტრიის გამოწვევები და მედიკამენტების ბაზარზე დაანონსებული ახალი რეგულაციები იყო, მათ შორის თურქეთის ბაზრის გახსნის მოსალოდნელი ეფექტი წამლების ფასებზე.

„ევექსი ჰოსპიტლების“ გენერალური დირექტორი გიორგი მინდიაშვილი აცხადებს, რომ პარალელური იმპორტის ეფექტის მიღებას რამდენიმე თვე არ დასჭირდება.

„რამდენიმე საკითხია - თურქეთიდან მედიკამენტების პარალელური იმპორტის ეფექტი ქვეყანამ შეიძლება ძალიან მალე მიიღოს, ამას არ დასჭირდება ბევრი თვე. როგორც კი არსებული მარაგები ამოიწურება, შესაძლოა, ერთი-ორ თვეში ქვეყანა თურქეთიდან იმპორტირებულ მარაგებზე გადავიდეს, რომელიც უფრო იაფია დღეს არსებულ მედიკამენტებთან შედარებით. შესაბამისად, პირველი მყისიერი ეფექტი შეიძლება ორ თვეშიც კი ვნახოთ. შემდგომი თემები, რაც არის - მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტის სისტემის ნაწილი, ამის ამოქმედებას შეიძლება ისეთივე ეფექტი ჰქონდეს, როგორც თურქეთიდან პარალელური იმპორტის დაშვებას. ყველა ცვლილებას ერთად ცოტა მეტი დრო დასჭირდება, რადგან ამას ბევრი საკანონმდებლო და სხვა სისტემური ცვლილება სჭირდება“, - განაცხადა მინდიაშვილმა.

"ევექსი ჰოსპიტლების" გენერალური დირექტორის მოსაზრებას იზიარებს გიორგი გორდაძეც, რომელიც ასევე „ევექსი კლინიკების“ დირექტორია.

„ფარმაცევტულ ბაზარზე საკმაოდ ბევრი მოთამაშეა, რომლებიც იმპორტით არის დაკავებული. შესაბამისად, თურქეთიდან პარალელური იმპორტის გახსნას ბაზრისგან მყისიერი რეაგირება ალბათ ძალიან მალე მოჰყვება. სუბიექტები სწრაფად გადაეწყობიან და ორ თვეში ალბათ შემცირდება ფასები იმ წამლებზე, რომლებიც შემოვა თურქეთიდან. საკითხს უფრო კომპლექსურად თუ შევხედავთ, ვფიქრობთ, ელექტრონული რეცეპტის სრულყოფილ ამუშავებასაც მყისიერი ეფექტი ექნება“, - ამბობს გიორგი გორდაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები