ანკარას საჰაერო კოსმოსურ მრეწველობაზე (TAI) ტერორისტული თავდასხმის გამო, რასაც 23 ოქტომბერს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თურქეთის ყველა აეროპორტში უსაფრთხოების კონტროლი გამკაცრებულია. გამოცხადებულია ნარინჯისფერი განგაში. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
მედიის ცნობით, თავდასხმის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების პროტოკოლი გამკაცრდა. გაუმჯობესებული საკონტროლო ზომები დაინერგა როგორც სტამბოლის, ასევე საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტებში: დაწესებულებებში შემავალი ავტომობილები დეტალურ შემოწმებას გადიან, ზედმიწევნით მოწმდება მგზავრის ვინაობაც.
აეროპორტები მგზავრებს მოუწოდებენ, გამკაცრებული პროტოკოლის პირობებში, აეროპორტებში რეისებამდე 3 საათით ადრე გამოცხადდნენ.
სახელმწიფო წუხელ ღამით ანკარაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ტერორისტულ დაჯგუფება PKK-ს (Kurdistan Workers Party) აკისრებს.
მომხდარის შემდეგ თურქეთის საჰაერო ძალებმა სამხედრო ოპერაცია სირიასა და ერაყში PKK-ს მებრძოლების წინააღმდეგ წამოიწყეს.