თურქეთის სამაუწყებლო მარეგულირებელმა პოპულარულ ტელეარხ Sözcü TV-ის მაუწყებლობა 10 დღით აუკრძალა, კიდევ სამ ტელევიზიას კი სანქციები დაუწესა - ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აკრძალვის მიზეზი არხის მიერ თურქეთში მიმდინარე პროტესტის გაშუქებაა.
თურქეთის რადიო და ტელემაუწყებლობის უმაღლესმა საბჭომ (RTÜK) სანქციების შესახებ 26 მარტს განაცხადა, რომ Sözcü TV-ს კი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სასჯელი დაეკისრა. 10-დღიანი პერიოდის განმავლობაში ტელეკომპანია ვალდებულია, მთლიანად შეაჩეროს მაუწყებელობა, არხზე კი მხოლოდ შავი ფონი გავიდეს, რომელზეც მარეგულირებლის გადაწყვეტილების შესახებ ეწერება ინფორმაცია.
RTÜK-ის საბჭოს წევრი, რომელიც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია, აცხადებს, რომ ტელევიზიას მაუწყებლობა აეკრძალა პირდაპირ ეთერში სტამბოლში, ანკარასა და იზმირში მიმდინარე დემონსტრაციების გაშუქებისთვის. მაუწყებლის გადაწყვეტილებით, რეპორტაჟებზე დართული კომენტარები საზოგადოებაში შუღლსა და სიძულვილს აღვივებს.
გადაწყვეტილება საბჭოს წევრების ხმათა უმრავლესობითაა მიღებული. იმ შემთხვევაში, თუ Sözcü TV-ს მარეგულირებელი დარღვევას კიდევ ერთხელ აღმოუჩენს, შესაძლებელია, არხს ლიცენზია ჩამოერთვას.
სანქციები დაუწესდათ ასევე Halk TV-სა და Tele 1-ს, რომლებმაც კონკრეტული სატელევიზიო პროგრამის 5 მომდევნო გამოშვების ეკრანიზაცია აეკრძალათ. ამ არხებს ასევე დაეკისრათ ჯარიმა, თვიური სარეკლამო შემოსავლის 5%-ის ოდენობით. RTÜK-ის განმარტებით, ორივე არხმა ოპოზიციონერი ლიდერის, ოზგურ ოზელის მიმართვა გააშუქა, რომელშიც ოზელი მთავრობას აკრიტიკებდა და მოსახლეობას ბოიკოტისკენ მოუწოდებდა, რაც საზოგადოებრივ განხეთქილებას უწყობს ხელს.