ფეხბურთში მსაჯობა თითქმის ყველგან სადავო თემაა, მაგრამ თურქეთში ეს სრულიად სხვა მასშტაბია. სწორედ ამიტომ, თურქული ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოცხადებულმა ინფორმაციამ, რომ მოქმედი 571 მსაჯიდან 371-ს აქვს საფეხბურთო გათამაშებებში სარეკლამო ანგარიშები და მათგან 152 აქტიურად აკეთებს ფსონებს, ქვეყანას შოკი მოჰგვარა. ეჭვქვეშ იმყოფება სუპერლიგის შვიდი მსაჯი და 15 ასისტენტი, ხოლო ერთ-ერთ მათგანს სულაც 18,277 ფსონი აქვს განთავსებული ბოლო ხუთ წელში. ამასთან, 42 ოფიცერმა 1,000-ზე მეტ მატჩზე დადო ფსონი. ჯერ არ არის დაზუსტებული, დადებული თუ არა აქვთ ფსონები იმ თამაშებზე, სადაც თავად ასრულებდნენ მოვალეობას, ან ჰქონდათ თუ არა გავლენა შედეგებზე.
ფედერაცია აცხადებს, რომ დისციპლინური სანქციები გარდაუვალია, შესაძლოა სამთვიანი ან ერთ წლიანი დისკვალიფიკაცია, ხოლო თუ დანაშაულებრივი სქემა დადასტურდება, ისინი შესაძლოა პატიმრობით დაისაჯონ. ამ დროისთვის სუპერლიგის ჩემპიონატი შეფერხების გარეშე გრძელდება.
თურქეთში მსაჯებზე უნდობლობა ახალი პრობლემა არ არის, თითქმის ყველა კლუბი დარწმუნებულია, რომ სისტემა მათ წინააღმდეგ მუშაობს. ბოლო წლებში რამდენიმეჯერ გუნდები მსაჯის გადაწყვეტილების გამო მოედნიდანაც კი გაუგდიათ, ან მოზღვავებული უკმაყოფილების გამო პირდაპირ მოედანზე თავს დასხმიან, როგორც ეს ანკარაგიუჯუს პრეზიდენტმა გააკეთა 2023 წელს, რის გამოც ცხოვრების ბოლომდე აეკრძალა საფეხბურთო საქმიანობა. პრობლემების გადასაჭრელად TFF-მა უცხოელი მსაჯების მოწვევაც სცადა, მაგრამ ეს ნაბიჯი ეფექტიანი არ გამოდგა.
კლუბების ოფიციალური რეაქციები მრავალწლიანი უნდობლობის დასტურია, “გალათასარაი” საუბრობს სასამართლოს კრიზისზე, “ფენერბახჩე” მოითხოვს სრულ გამჭვირვალობას, “ტრაბზონსპორი” კი აცხადებს, რომ წლების განმავლობაში მათ მიერ გაჟღერებული გაფრთხილებები ნამდვილად გამართლდა.
ახლა ყველა ელოდება, როდის გამოაქვეყნებს TFF ეჭვმიტანილი მსაჯების სახელებს და რა ზომები იქნება მიღებული. UEFA და FIFA ყურადღებით აკვირდებიან პროცესს და მოითხოვენ გარანტიებს, რომ ევროპულ შეჯიბრებებში დანიშნულ მსაჯებზე საეჭვო კავშირი არ გავრცელდება. თურქული ფეხბურთი უკვე დიდხანს ტრიალებს სკანდალების მორევში, მაგრამ ამ მასშტაბის აღიარებამ დღეს ყველაზე მწვავე და სისტემური პრობლემა საბოლოოდ გამოაჩინა ზედაპირზე, რაც ნდობის სრული კრახია.

























