საქართველოს მეზობელი თურქეთი, BRICS-ის კავშირში გაერთიანებას გეგმავს. ამერიკული Bloomberg-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კავშირის წევრ სახელმწიფოებს ფორმალურად უკვე მიმართა, მაგრამ კავშირში გაწევრიანება, რთული პროცესია, რასაც სულ მცირე რამდენიმე თვე ან წელიწადი დასჭირდება.
რატომ სურს თურქეთს BRICS-ის კავშირში გაწევრიანება?
BRICS-ში თურქეთის შესაძლო გაერთიანების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, არა პოლიტიკური, არამედ - ეკონომიკური იყოს. საქმე ისაა, რომ ბოლო პერიოდში, განვითარებადმა სახელმწიფოებმა — და BRICS-ი სწორედ ასეთ ქვეყნებს აერთიანებს — ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დააჩქარეს, როცა ტრადიციულ დასავლურ და ეკონომიკურად ჩამოყალიბებულ ქვეყნებს ამ მხრივ საქმე ისე არ აქვთ, როგორც ადრე. ამგვარად, თურქეთი, რომელიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით სარგებლობს და თან, ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსის, იგივე NATO-ს ერთ-ერთი ლოკომოტივია, მოკავშირეთა დივერსიფიკაციას ცდილობს.
რა არის BRICS-ის კავშირი და რატომ უთმობენ მსოფლიოს ქვეყნები მას ამხელა ყურადღებას?
BRICS-ის კავშირი, რომლის დამფუძნებლები ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა არიან, თავდაპირველად, განვითარებადი ეკონომიკების არაფორმალური ფორუმი იყო, რომელმაც მალევე შეიძინა სტრუქტურა და გავლენიან გლობალური მოთამაშედ ჩამოყალიბდა. თავად ამ ფაქტს კი ის განაპირობებეს, რომ კოლექტიურად, ჯგუფი ეკონომიკურად ძალიან ძლიერია, რადგან მასზე დედამიწის მოსახლეობის 40% და გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის მეოთხედი მოდის.
ამგვარი ეკონომიკური ძალაუფლება გაერთიანებას გლობალურ მმართველობაში უფრო აქტიური როლის დაკავებისკენ უბიძგებს. ამ ბიძგის კულმინაციის ერთ-ერთ მაგალითად BRICS-ის ქვეყნების ახალი განვითარების ბანკის შექმნა შეიძლება ჩაითვალოს - საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისა, რომელიც განვითარებადი ქვეყნების დაკრედიტებას ისახავს მიზნად.
BRICS-ის სხვა მსგავს ერთეულებთან, მაგალითად G7-თან და G20-თან შედარება ცხადყოფს, რომ ამ კავშირს აქვს, როგორც უპირატესობები, ასევე ნაკლები. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ BRICS-ის კავშირი მრავალფეროვანი განვითარებადი ეკონომიკებითაა დაკომპლექტებული, სადაც განსხვავებული ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემები მოქმედებს. ეს მრავალფეროვნება, მართალია, შესაძლოა, სიძლიერის წყაროდ იყოს აღქმული, მაგრამ არც განსხვავებული ინტერესები და აზრთა სხვადასხვაობის გამო ვერმიღებული გადაწყვეტილებები უნდა დავივიწყოთ, რომლებიც, შესაძლოა, G7-ის ფორმატში საერთოდ არ არსებობდეს.
რაც შეეხება BRICS-ის ეკონომიკურ ანალიზს. BRICS-ის წევრებს შორის ყველაზე დიდი ეკონომიკა ჩინეთს აქვს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი 17 ტრილიონ დოლარს შეადგენს. მეორე ადგილს 3.2 ტრილიონი დოლარით ინდოეთი იკავებს, მესამიდან მეხუთე ადგილების ჩათვლით კი რუსეთი, ბრაზილია და სამხრეთ აფრიკა იკავებენ. თუმცა ამ შთამბეჭდავი რიცხვების მიუხედავად, ქვეყნებს შორის დიდი დისბალანსი შეიმჩნევა, რადგან თუ ჩინეთში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 12,000 დოლარის ტოლია, ინდოეთში ის სულ რაღაც 2,300 დოლარია.
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოების ეკონომიკური გაძლიერება BRICS-ის კავშირის მთავარი მიზანი არ არის. ეკონომიკასთან ერთად, ეს კავშირი მეტად პოლიტიკურიცაა, ხოლო ვექტორი, რომელიც მას აქვს არჩეული, მკვეთრადაა გადახრილი BRICS-ის დამფუძნებელი სახელმწიფოების - რუსეთისა და ჩინეთის მიმართულებით. ჯგუფის ერთიანი პოზიცია სხვადასხვა საერთაშორისო საკითხებზე, მათ შორის, მაგალითად, დედოლარიზაციის მიმართულებით, BRICS-ის მზარდ გავლენას და ალიანსის წევრი სახელმწიფოების მიერ გლობალური წესრიგის გადაწყობის სურვილზე მიგვანიშნებს.
BRICS-ის შესაძლო გაფართოებაზე კავშირის წევრი სახელმწიფოები სავარაუდოდ მიმდინარე წლის ოქტომბერში, რუსეთის ქალაქ ყაზანში იმსჯელებენ. თურქეთთან ერთად, ალიანსში გაწევრიანება მალაიზიას, ტაილანდს და, რაც მთავარია, აზერბაიჯანს სურთ, რომელიც საქართველოს მეზობელი და თურქეთის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე სახელმწიფოა.