თურქეთმა რუსული ხორბლის რუბლებში შესყიდვა დაიწყო. პირველი სატესტო შესყიდვის ფარგლებში, რეალიზებულია 30 ათასი ტონა მარცვლეული, რომლის ღირებულებაც ტონაზე 16 550 რუბლით განისაზღვრა. რუსეთის სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტიორთა ასოციაცში ამბობენ, რომ დაგეგმილია კიდევ რამდენიმე ასეთი გარიგება, შედეგების მიხედვით კი მხარეები გადაწყვეტენ, რამდენად მოსახერხებელი იქნება მათთვის ეროვნული ვალუტებით ანგარიშსწორება. თურქეთი, ეგვიპტის შემდეგ რუსული ხორბლის სიდიდით მეორე შემსყიდველია. მიმდინარე წელს თურქეთში უკვე ექსპორტირებულია 1,2 მილიონი ტონა ხორბალი.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, მსხვილ სავაჭრო პარტნიორ სახელმწიფოებთან, დოლარისა და ევროს ნაცვლად, ეროვნული ვალუტებით ანგარიშსწორების რეჟიმზე გადავიდეს. ინიციატივას რუსეთის პრეზიდენტმაც დაუჭირა მხარი და განაცხადა, რომ ამ გზით მინიმუმამდე შემცირდება გარე ნეგატიური ფაქტორების ზემოქმედება.