მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქეთში სამი ოპოზიციონერი მერი დააკავეს - CHP პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს

თურქეთი

თურქეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთში მდებარე სამი დიდი ქალაქის — ადიამანის, ადანისა და ანტალიის მერები დაკავებულნი არიან. ოპოზიცია განვითარებულ მოვლენებს მთავრობის მიერ ოპონენტების წინააღმდეგ დაწყებულ მორიგ მასშტაბურ კამპანიად აფასებს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო გამოცემა abcnews ავრცელებს.

დაკავებულები არიან რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) წარმომადგენლები: ადიამანის მერი აბდურაჰმან ტუტდერე, ადანის მერი ზეიდან კარალარი და ანტალიის მერი მუჰითინ ბოჯექი. პირველი ორი პირი სამართალდამცველებმა კვირა დილით ჩატარებული რეიდების შედეგად დააკავეს, ხოლო ბოჯექის დაკავება ცალკე მიმდინარე კორუფციულ გამოძიებას უკავშირდება.

კარალარი სტამბოლში დააკავეს, ტუტდერე კი — ანკარაში. მოგვიანებით ტუტდერემ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ პოლიციას ის სტამბოლში გადაჰყავდა. დაკავებები სტამბოლის მთავარი პროკურატურის მიერ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა, რომელიც ორგანიზებულ დანაშაულს, ქრთამს და ტენდერების გაყალბებას ეხება. ჯამში ამ საქმეზე ათი პირია დაკავებული.

მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებები ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, დაკავებები ოპოზიციური მმართველობის ქვეშ მყოფ მუნიციპალიტეტებში ბოლო თვეებში ჩატარებული მრავალრიცხოვანი სპეცოპერაციების გაგრძელებად განიხილება.

დამატებით, მიმდინარე კვირაში დააკავეს CHP-ის ყოფილი მერი იზმირიდან და 137 მუნიციპალური თანამშრომელი. პარასკევს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა იზმირის ყოფილ მერს, თუნჩ სოიერსა და 59 სხვა პირს. ადვოკატების შეფასებით, გადაწყვეტილება “უკანონო, უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებულია.”

გარდა ამისა, პარასკევსვე დააკავეს მანავგატის მერი და 34 სხვა პირი ანტალიის პროვინციაში მიმდინარე კიდევ ერთი ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მარტში დააკავეს სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ — CHP-ის ერთ-ერთი ლიდერი და პრეზიდენტ ერდოღანის ძირითადი ოპონენტი. მისი დაპატიმრება მასობრივ ქუჩის აქციებსა და ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან საპროტესტო ტალღას მოჰყვა.

მიუხედავად მთავრობის განცხადებებისა, რომ გამოძიებებს პროკურატურა და სასამართლო დამოუკიდებლად აწარმოებენ, CHP და რიგი უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მიმდინარე პროცესები პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და ოპოზიციის ჩამოშლის მცდელობას წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები