ფინანსთა სამინისტრო 2016-2020 წლების ფისკალური სექტორის მაკროეკონომიკური რისკების ანალიზს აქვეყნებს. დოკუმენტში მაკროეკონომიკური რისკების შეფასების პროცესში გამოვლენილია ყველა ის შესაძლო დადებითი თუ უარყოფითი ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორი, რომელსაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აზრით, გავლენა ექნება მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, - თემაზე ’’ბიზნესკონტრაქტთან“ ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე საუბრობს.
-თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანი და ადეკვატურია ის ფაქტორები, რომლებიც ფინანსთა სამინისტრომ თავისი ანალიზისთვის გამოარჩია?
-აღსანიშნავია, ბიუჯეტის პროექტს ასეთი ანალიზი რომ ახლავს ეს ზოგადად უკვე დადებითია. უკვე მეორე წელია, ეს პირველად შარშან გაკეთდა. პროგრამულ ბიუჯეტზე გადასვლის ფორმატი ითხოვდა, რომ ბიუჯეტს ოპტიმისტურ-პესიმისტური სცენარები, მდგრადობის ანალიზი და მაკროეკონომიკური ანალიზი თან ახლდეს. ხარისხობრივად შესაძლოა დახვეწა სჭირდება და ალბათ გაუმჯობესდება. ის, თუ რას ჩავთვლით ჩვენ რისკფაქტორებად, ესეც შეიძლება დისკუსიის საგანი იყოს. რაც თვალში მომხვდა, აქ სულ საგარეო ფაქტორებია აღებული რისკფაქტორებად და რატომღაც დაშვებულია, რომ ქვეყანაში ნეგატივისკენ არაფერი შეიცვლება და შემდეგი სცენარების მიხედვით, ბიუჯეტებიც კორექტირებულია. მაგალითად, პესიმისტური სცენარი თუ განვითარდება, დასახული ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში არ მიიღწევა; ვთქვათ, ეროვნული ვალუტის კურსი გაუფასურდება და ა.შ.
ჩადებულია, რომ ინფრასტრუქტურის ხარჯებს შეამცირებენ და ამ ხარჯების შემცირებით, ბიუჯეტის დაბალანსებას მოახდენენ.
თვითონ მითითებულ რისკფაქტორებს რაც შეეხება, ალბათ აქედან ყველაზე სრიოზულია ჩვენი რეგიონის მოვლენები. რთულია განსაზღვრო რა სიტუაცია იქნება ჩვენს რეგიონში არა ერთი წლის მერე, არამედ ერთი თვის შემდეგაც კი. რამდენიმე ცხელი წერტილია, რთული სიტუაციაა რუსეთში, უკრაინაში და ა.შ.
-მათგან მხოლოდ თურქეთია გამოყოფილი. მაგალითად, რუსეთთან დაკავშირებით არაფერია ნათქვამი. ამ კუთხით რამდენად თანმიმდევრულია აღნიშნული ანალიზი, როდესაც რუსეთი საერთოდ არ არის ნახსენები და აქცენტი მხოლოდ თურქეთზე კეთდება?
-ალბათ იმიტომ, რომ თურქეთი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთზე ათასმა პრობლემამ გადაიარა ამ წელიწადნახევარში, მას საქართველოზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს მაინც. რუსეთის ეკონომიკა კი ისედაც მინუსშია. რუსეთი მოცემულობაში ნეგატიური ფაქტორია და ამიტომაც ალბათ არჩევანი თურქეთზე გაკეთდა. თუმცა, რუსეთის განხილვაც საინტერესოა, რადგან ახლა საუბარი მიდის კიდევ ახალი სანქციების დაწესებაზე და თუ ეს მოხდება, რუსეთში სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება, რაც შემდეგ ჩვენს ექსპორტსა და ფულად გზავნილებზეც აისახება, რომელმაც ბოლო ორი თვეა ცოტა ზრდა დაიწყო.
-Brexit-ისა და ჩინეთის ფაქტორებზე რას იტყოდით?
- Brexit-ს მცირე გავლენა თუ ექნება, რადგან ჩვენ ბრიტანეთის ბაზარზე დიდად მაინც არ ვართ შესული. აქ ალბათ უფრო საუბარია Brexit-ი ევროკავშირს როგორ დააზარალებს, რაც გლობალურ ეკონომიკაზე აისახება და ა.შ. აქ რამე მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ჩინეთს რაც შეეხება, ის შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი იყოს, იმიტომ რომ მე-3, მე-4 ადგილი უჭირავს ხოლმე ჩვენი ძირითადი პარტნიორების სიაში. ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია და ჩინეთის ეკონომიკის პრობლემები ნამდვილად შეგვეხება, თუმცა, ჯერჯერობით არ არის ისეთი სიტუაცია, რომ ეს რეალური იყოს. დაახლოებით ერთი წლის წინ ჩინეთის საფონდო ბირჟაზე კრიზისის ნიშნები შეინიშნებოდა და უკვე 5-6 თვეა სიტუაცია დასტაბილურდა, მაგრამ რისკფაქტორებში მისი განხილვა მაინც შესაძლებელია.
-სახელმწიფო ბიუჯეტის დოკუმენტს თუ გაეცანით და შენიშვნები თუ გაქვთ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, ახალ რედაქციაში რა უნდა შეიცვალოს და რა მიმართულებით?
-რა თქმა უნდა, გავეცანი და შენიშვნებიც უკვე გაჟღერდა. პირველი ეს არის ის, რომ ვალის აღება 2016 წელთან შედარებით იზრდება და ასევე ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსებაც 100 მილიონი ლარით გაიზრდება. მაკროეკონომიკური პარამეტრებით რომ შევხედოთ, 2017 წლის ბიუჯეტი 2016 წლის ბიუჯეტთან შედარებით ცუდია. საუბარია ბიუჯეტის რადიკალურად შეიცვლაზე, მაგრამ რადიკალურ ცვლილებაში ისიც იგულისმება, რომ კიდევ ბევრი თანხებია გამოსანახი საარჩევნო დაპირებების შესასრულებლად. ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება და მასწავლებლების ხელფასის ზრდა. ასეთ ფონზე კი ცოტა რთულია გაუმჯობესებული ბიუჯეტი მივიღოთ. მაშინ მოგვიწევს, რომ რაღაც მიმართულებებით პირიქით უნდა შემცირდეს ხარჯები, რაც სწორია, მაგრამ პოლიტიკურად ყოველთვის რთული გასაკეთებელია და ვნახოთ რას იზამენ.
-თქვენ ამ ხარჯების შემცირებას თუ ელოდებით იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკურად რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგალითად იგივე ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას, რაც ერთ-ერთი დაპირება იყო?
-ალბათ უფრო ველოდები, რადგან პოლიტიკურად რთული იყო უფასო ხვნა-თესვის ამოღება, რაც ამოღებულია და იმედია, უკან არ დააბრუნებენ. ასევე რთული იყო სუბსიდირებების პროგრამების ამოღება და ამოღებულია. გაისად რომ სექტემბერი მოვა და ოქტომბერში ადგილობრივი არჩევნებია ჩასატარებელი, მაინც მოახდნენ ღვინისა და ციტრუსის სუბსიდირებას, მაგრამ აგვისტომდე ეწერება, რომ ამაზე თანხა გამოყოფილი არ არის.

























