თურქი ინვესტორი ქობულეთში მაკარონისა და ვერმიშელის წარმოებას იწყებს. დაბა ოჩხამურში მდებარე მიწის ნაკვეთი და შენობები კომპანია "ენ-ეიჩ-ელ 43"-ს მთავრობამ 1 ლარად გადასცა.
საწარმოს საქმიანობის ძირითადი მიმართულება პურის, ცომეულის, საკონდიტრო ნაწარმის, სპაგეტის, მაკარონის, ვერმიშელისა და სხვა ანალოგიური პროდუქტების წარმოება იქნება. ინვესტიციის მოცულობა 320 000 ლარია.
საწარმოს მშენებლობა და წარმოების დაწყება ინვესტორებმა 2 წელიწადში უნდა უზრუნველყონ.
საპრივატიზებო ვალდებლების მიხედვით, საწარმომ წელიწადში 2 160 ტონა მაკარონის ნაწარმი და 1560 ტონა პურისა და საკონდიტრო პროდუქცია უნდა აწარმოოს.
შპს „ენ-ეიჩ-ელ 43“ დაახლოებით ერთი თვის წინ დაფუძნდა. კომპანია საჯარო რეესტრში 2016 წლის 4 აგვისტოს დარეგისტრირდა. მისი დირექტორი და 100% წილის მფლობელი თურქეთის მოქალაქე ქემალ ონურია.

























