უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი თურქული კომპანიის, Baykar-ის ახალი თაობის დრონმა, Bayraktar TB3-მა წარმატებით ჩააბარა მორიგი გამოცდა, რომელიც ასაფრენ ბილიკზე დრონის აჩქარებას და ხმელეთზე დასაშვები მოწყობილობების გატესტვას უკავშირდებოდა.
TB3 არის ახალი თაობის საბრძოლო დრონი, რომელსაც დასაკეცი ფრთები და TB2-თან შედარებით გაცილებით უფრო მაღალი ტვირთამწეობა აქვს. კერძოდ, დრონს 280 კილოგრამის იარაღის გადატანა შეუძლია და თავად საფრენი აპარატი 1.5 ტონას იწონის.
TB3-ის სიგრძე 8.3 მეტრს შეადგენს და მისი ფრთების სიგანე 14 მეტრია. ამ პარამეტრებით ის კომპაქტურ თვითმფრინავსაც კი შეიძლება შევადაროთ, რადგან ის TB2-თან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო დიდია.
ახალი თაობის დრონის სატესტო ფრენა გასულ წელს წარმატებით შედგა და ის ამჟამად გამოცდის ფინალურ ფაზაში შედის. საბრძოლო გამოყენებისათვის TB3, სავარაუდოდ, მომავალ წელს იქნება მზად და ის როგორც თურქეთის ეროვნული თავდაცვის, ასევე საექსპორტო ბაზარზე გატანისათვის იქნება მზად.
აღსანიშნავია, რომ კომპანია Baykar-ი მხოლოდ TB3-ით არ შემოიფარგლება და ის უპილოტო ავიაგამანადგურებლის, Kizilelma-ს შექმნაზეც მუშაობს, რომელსაც პრეტენზია F-35-ის კონკურენტობაზე ექნება.